ავტორი:

ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"

ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"

ინდოეთის პოლიციამ, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი მამაკაცი დააკავა. პოლიციელებმა სავარაუდო დამნაშავეების დაკავება ინდუისტურ ტაძარში ადამიანის უთავო სხეულის აღმოჩენიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ შეძლეს.

  • მედიის ცნობით, 64 წლის ქალი, შანტი შოუ 2019 წელს, ინდოეთის ქალაქ გუვაჰათში, ტაძრის მონახულების შემდეგ მოკლეს და მაჩეტეს გამოყენებით თავი მოჰკვეთეს.

გამოძიება ჩიხში იყო შესული, რადგან ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. მისი იდენტიფიკაცია მიმდინარე წლის იანვარში გახდა შესაძლებელი, რის შემდეგაც, გამოძიება განახლდა. გუვაჰათის პოლიციის კომისარი დიგანტა ბარა ამბობს, რომ ქალის მკვლელობა ხუთმა ადამიანმა დაგეგმა, საქმეში კი სულ 12 მოქალაქე მონაწილეობდა.

პოლიციელის თქმით, მკვლელობის ორგანიზატორი სავარაუდოდ, 52 წლის ოპრადიპ პატაკი იყო, რომელმაც მკვლელობა მოაწყო, როგორც რელიგიური რიტუალი, მისი ძმის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით. ”ბრალდებულს სჯეროდა, რომ მსხვერპლი დაამშვიდებდა გარდაცვლილის სულს”, - დასძინა მან.

პატაკი და მკვლელობის ოთხი სხვა მონაწილე დააკავეს. პოლიცია კვლავ ეძებს მათ დარჩენილ შვიდ თანამზრახველს.

ინდოეთში, 2014-2021 წლებში ქვეყანაში ადამიანთა მსხვერპლშეწირვის 103 შემთხვევა აღწერეს. რიტუალური მკვლელობები, როგორც წესი, ტარდება "ღვთაებების დასამშვიდებლად“ და უფრო ხშირია პროვინციებში, სოფლებში, სადაც სჯერათ ჯადოქრობის.

გასულ წელს, ნიუ დელიში ექვსი წლის ბიჭის მკვლელობისთვის ორი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულებმა თქვეს, რომ ბავშვი მათ ღმერთ შივას შესწირეს.

წყარო