ავტორი:

ცნობილი ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა.

ხუხაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან და სოციალურ ქსელში წერენ სამწუხარო ამბის შესახებ.

"ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება.

ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა, ვწუხვარ, უსაზღვროდ.

ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო...ვერასოდეს დაგივიწყებთ...დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზასავალს...გისამძიმრებ, ძვირფასო ევა.

ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს", - წერს სოციალურ ქსელში იზა ვეფხვაძე.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. არის ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება“ (2004). დასახელებულია "დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად.

როგორც ცნობილია, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.