ავტორი:

საბჭოთა მეცნიერი, რომელმაც ბიოლოგიური იარაღის შექმნა "დაიბრალა", მერე კი აშშ-ში წავიდა და ინფორმაცია გაყიდა - ვინ არის კანატჯან ალიბეკოვი, ვინც თაღლითობით მილიონების შოვნა შეძლო?

საბჭოთა მეცნიერი, რომელმაც ბიოლოგიური იარაღის შექმნა "დაიბრალა", მერე კი აშშ-ში წავიდა და ინფორმაცია გაყიდა - ვინ არის კანატჯან ალიბეკოვი, ვინც თაღლითობით მილიონების შოვნა შეძლო?

კანატჯან ალიბეკოვი ყაზახური წარმოშობის საბჭოთა მეცნიერი, რომელიც აშშ-ში ცნობილია, როგორც კენეტ (კენ) ალიბეკი. ვიკიპედიის თანახმად, ის 1950 წელს საბჭოთა ყაზახეთში დაიბადა.

"მეცნიერ-მიკრობიოლოგი, ბიოტექნოლოგიის, მწვავე ინფექციურ დაავადებათა და ბიოლოგიური იარაღის ადმინისტრაციული სპეციალისტი. ციმბირის წყლულისა და მარბურგის ვირუსის მკვლევარი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი" - მისი დოსიე საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა რეალურად ის უფრო მეტად თაღლითია, ვიდრე ანგარიშგასაწევი მეცნიერი, თუმცა ამას აშშ - სა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ გვიან მიხვდნენ. ის მიიჩნევა საბჭოთა კავშირში ტულარემიის ბაზაზე ბიოლოგიური იარაღის შემქმნელად.

  • რა არის ტულარემია?

ტულარემია (ინგლ. Tulare County) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ლიმფური აპარატის, კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ხოლო აეროგენული ინფიცირების შემთხვევაში, ფილტვების დაზიანებით; მიეკუთვნება ზოონოზებს ბუნებრივი კეროვნებით. ბაქტერია Francisella tularensis-ით გამოწვეული დაავადება. ვრცელდება ტკიპების, ბუზების კბენით, ინფიცირებულ ცხოველთან ან ცხოველის კანთან უშუალო კონტაქტით, ასევე აეროზოლის ინჰალაციით ისეთ გარემოში მუშაობისას (მაგალითად, გაზონის თიბვისას), სადაც ინფიცირებული ცხოველები ბინადრობენ.

ისტორიის მკვლევარი თენგიზ თხილავა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ისტორიასა და კანატჯან ალიბეკოვზე გვესაუბრება:

- 1763 წლის 24 ივნისს, ამჟამინდელი პენსილვანიის შტატის, ქალაქ პიტსბურგის ადგილზე არსებულ ინგლისურ ფორტ პიტთან ინგლისელებსა და დელავარების ტომის ინდიელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას, ფორტის კომენდანტ კაპიტან საიმონ ესქუერის ბრძანებით, სავაჭრო აგენტმა უილიამ ტრენტმა ინდიელებს სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა ორი საბანი და ორი შარფი. ინდიელებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რომ ეს საბნები და შარფები საკარანტინო ჰოსპიტლიდან მოიტანეს, სადაც ყვავილით დაავადებული ინგლისელები იყვნენ მოთავსებული. ეს მოვლენა მსოფლიო ისტორიაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირველ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა - უილიამ ტრენტმა თავის ჟურნალში ჩაწერა:

"ჩვენ მათ ორი საბანი და ორი შარფი მივეცით ჩვენი ყვავილის ჰოსპიტლიდან. იმედი მაქვს, ეს სასურველ ეფექტს მოგვცემს“...

სასურველი ეფექტი არ მომხდარა. ერთი თვის მერე ტრენტი იმავე ინდიელებს იმავე ადგილზე შეხვდა და აღნიშნა, - ამათ ყვავილიანობის არაფერი ეტყობათო. ყვავილის ვირუსი ადამიანის სხეულის გარეთ საკმაოდ მცირე ხანს ცოცხლობს. იმ დროს ვირუსებს არ იცნობდნენ და ეგონათ, რომ გადამდები დაავადებები ტანსაცმლიდან, ლოგინიდან და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიდან გადადიოდა და არა ჰაერწვეთოვანი გზით. ფორტ პიტის საბნების ამბავი 1870 წლამდე არავის ახსოვდა. ამ წელს ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა და ლიტერატორმა ფრენსის პარკმანმა, რომელიც ოტავას ტომის ბელად პონტიაკის მეთაურობით ინდიელების აჯანყების ისტორიას წერდა, უილიამ ტრენტის ჟურნალი და ინგლისელი ოფიცრების მიმოწერა იპოვა. ამან, თავის მხრივ, სათავე დაუდო მითებს ამერიკელების მიერ ინდიელების წინააღმდეგ ყვავილით დასნებოვნებული საბნების მასობრივად გამოყენების შესახებ, თუმცა ეს არ დასტურდება.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომშიც. 1942 წელს ბრიტანელებს გერმანიის წინააღმდეგ ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამოყენების გეგმა ჰქონდათ. საცდელად, შოტლანდიის ნაპირის სიახლოვეს არსებულ პატარა კუნძულ გრინიარდზე ჯილეხის სპორები გაავრცელეს. საბოლოოდ, ბრიტანელებს გერმანიის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი არ გამოუყენებიათ, გრინიარდი კი 1990 წლამდე საკარანტინო ზონა იყო.

ინგლისელების ცდებამდე 10 წლით ადრე, 1932 წელს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ ე. წ. "რაზმი 731“ შექმნა. რაზმს 1942 წლამდე მიკრობიოლოგი, გენერალ-ლეიტენანტი სირო ისიი მეთაურობდა, 1942-44 წლებში - ექიმი, მიკრობიოლოგი გენერალ-მაიორი მასაძი კიტანო. რაზმი ტერიტორიულად ჩინეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული. აქ ცდებს ატარებდნენ ცოცხალ ადამიანებზე - ჯერ პატიმრებზე, მერე სამხედრო ტყვეებზე. სულ ცდა 3 ათასამდე ადამიანზე ჩატარდა. ჩინეთის და მონღოლეთის ტერიტორიებზე საომარი მოქმედების დროს რაზმმა შავი ჭირის გავრცელება სცადა. 3-4 წლის განმავლობაში ამ ხელოვნური ეპიდემიისგან სულ 700-მდე ადამიანი დაიღუპა - იმაზე ნაკლები, ვიდრე ცდების შედეგად. რაზმის წევრები ომის მერე არ დასჯილან - ამერიკელებისთვის კვლევების შედეგების გადაცემის სანაცვლოდ იმუნიტეტი მიიღეს.

- საბჭოთა კავშირში როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ მიმართულებით?

- 1953 წლის 14 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლავრენტი ბერიამ მოხსენებითი ბარათი მიიღო კორეის სახალხო არმიის საბჭოთა სამხედრო-სამედიცინო მრჩეველ ლეიტენანტ სელივანოვისგან. ამ დროს კორეაში ომი იყო. ჩრდილო კორეა ებრძოდა სამხრეთს. საბჭოთა კავშირი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდნენ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ ბევრი ქვეყანა - სამხრეთს. საბჭოთა, ჩინური, ჩრდილოკორეული და სხვა ქვეყნების კომუნისტური პრესა წერდა, რომ ამ ომში ამერიკელების მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების 800-მდე შემთხვევა დასტურდებოდა. სელივანოვი ბერიას წერდა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა თხოვნით მომმართეს, დავხმარებოდი მტკიცებულებების გაყალბებაში, თითქოს ამერიკელები კორეაში ბაქტერიოლოგიურ იარაღს იყენებენ, ყვავილის ვირუსის სახითო. როგორც ჩანს, ყვავილიანი საბნების ამბავი კორეელ ამხანაგებსაც გაეგოთ. სელივანოვი ბერიას წერდა, არც ჩრდილო კორეაში, არც ჩინეთში არანაირი, მითუმეტეს, ხელოვნურად გამოწვეული ეპიდემია არ ყოფილა, რაზეც მთავრობას წინა წელსაც მოვახსენეო. რამდენიმე დღეში ბერიამ სამსახურებრივი ბარათი მიიღო ჩრდილო კორეაში საბჭოთა კავშირის ელჩისა და კორეის სახალხო არმიის მთავარი სამხედრო მრჩევლის, გენერალ ვლადიმირ რაზუვაევისგან, რომელიც კორეელების თხოვნაზე იგივეს წერდა და ამატებდა, ამერიკელების მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება კორეაში არაფრით მტკიცდებაო.

ლავრენტი ბერია

1972 წლის 10 აპრილს ხელმოსაწერად გაიხსნა საერთაშორისო კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის დამუშავების, წარმოების, მარაგების დაგროვების აკრძალვის და მათი განადგურების შესახებ. მომდევნო, 1973 წელს კი, საბჭოთა კავშირში შეიქმნა სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "ბიოპრეპარატი“. ეს გაერთიანება მეცნიერებათა აკადემიის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ მართვაში ითვლებოდა, მაგრამ დაფინანსებას მთლიანად თავდაცვის სამინისტროსგან იღებდა, რადგან ოფიციალურად წამლებისა და ვაქცინების შექმნა და დამზადება ევალებოდა, მაგრამ ძირითადი საქმიანობა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნა, წარმოება და მარაგების დაგროვება იყო. გაერთიანების პირველ დირექტორად მიკრობიოლოგი, გენერალი ვსევოლოდ ოგარკოვი დაინიშნა. "ბიოპრეპარატი“ 47 სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო ორგანიზაციას აერთიანებდა რუსეთის ფედერაციის და ყაზახეთის ტერიტორიაზე. ჰქონდა პოლიგონი არალის ზღვაში, აღორძინების კუნძულზე (არალის ზღვის დაშრობის გამო ახლა ნახევარკუნძულია). სამუშაოებში 40 ათასამდე თანამშრომელი მონაწილეობდა, აქედან - 9 ათასი მეცნიერი და ინჟინერი.

- ვინ იყო კანატჯან ალიბეკოვი?

- 1975 წელს გაერთიანება "ბიოპრეპარატის“ ნოვოსიბირსკის ოლქის ბერდსკის საწარმოში ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტის (სპეციალობა - ინფექციური დაავადებები და ეპიდემიოლოგია) კურსდამთავრებული, ყაზახი, 25 წლის კანატჯან ალიბეკოვი მივიდა. ალიბეკოვმა ბერდსკში წარმატებული კარიერა დაიწყო და მალე დაწინაურებით გადაიყვანეს კიროვის ოლქის ქალაქ ომუტნიანსკის საწარმოში, რომლის დირექტორიც მალე გახდა. აქ ალიბეკოვმა 1983 წელს დისერტაცია დაიცვა, შექმნა რა ბიოლოგიური იარაღი დაავადება ტულარემიის ბაზაზე. ამ დროს საბჭოთა მიკრობიოლოგები ტულარემიის და შავი ჭირის გამომწვევი პათოგენების გენეტიკური სტრუქტურის შეცვლაზე მუშაობდნენ, რათა ვაქცინების მიმართ მედეგი გაეხადათ. მალე ალიბეკოვი უფრო მსხვილ საწარმოში გადაიყვანეს ყაზახეთში, სტეპნოგორსკის სამეცნიერო-საწარმოო ბაზის დირექტორად. აქ ის ჯილეხის და მარბურგის ციებ-ცხელების საფუძველზე ბიოლოგიური იარაღის შექმნას ხელმძღვანელობდა.

"ბიოპრეპარატის“ იმჟამინდელმა დირექტორმა, იური კალინინმა ალიბეკოვს ყურადღება მიაქცია და მოსკოვში, თავის პირველ მოადგილედ გადაიყვანა. ამ თანამდებობაზე ალიბეკოვი 1988-92 წლებში მუშაობდა. მიიღო პოლკოვნიკის წოდება... ამავე დროს, "ბოროტი ენები“ ამბობდნენ, რომ ალიბეკოვს ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტი არ დაუმთავრებია და მხოლოდ ოთხი კურსი დახურაო. რაც შეეხება სამსახურში დაწინაურებას, საბჭოთა კავშირში ამისი კარგად გამოცდილი სქემები არსებობდა და იმავე სამეცნიერო ხაზით დაწინაურებისთვის სულაც არ იყო საჭირო კარგი მეცნიერი ყოფილიყავი. მთავარი იყო, უფროსობისთვის თავი მოგეწონებინა, რაც, როგორც ჩანს, ალიბეკოვს კარგად ეხერხებოდა. ასევე ეჭვი შეჰქონდათ მისი სამეცნიერო ნამუშევრებისა და დისერტაციის ვარგისიანობაში. უნდა ითქვას, რომ ეს ეჭვები ალიბეკოვის შემდგომმა ბიოგრაფიამ სავსებით დაამტკიცა...

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალიბეკოვი ამერიკაში წავიდა, სადაც კენეტ (კენ) ალიბეკი დაირქვა. ამერიკელებისთვის "ბიოპრეპარატის“ დირექტორის პირველი მოადგილე, ცხადია, საკმაოდ ფასეული შენაძენი იყო. როგორი მეცნიერიც არ უნდა ყოფილიყო ალიბეკი (ახლა ასე ვუწოდოთ), მას ნამდვილად ექნებოდა ბევრი საიდუმლო ინფორმაცია საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოების შესახებ და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია კარგ ფასშიც გაყიდა. ასევე, მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე რუსი მეცნიერი შესაძლოა, ჩრდილო კორეაში და ერაყში იყო გადასული და იქ ჯილეხის სპორები და ყვავილი ჩაიტანა. ყვავილი კი განსაკუთრებით საშიში იყო, რადგან რუსებს მისი გენეტიკურად ცვლილება შეეძლოთ. ალიბეკს დაუჯერეს და მოწინააღმდეგის ბიოლოგიური იარაღის საწინააღმდეგო საშუალებების შესაქმნელად მილიარდობით დოლარი გამოყვეს.

2003 წლის 5 თებერვალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გაეროში ციმბირის წყლულის სპორებიანი სინჯარით მივიდა და განაცხადა, რომ ეს სპორები კონვერტით დაგზავნეს, რის გამოც იმჟამად 5 ადამიანი დაიღუპა და 17 დაავადდა. მართალია, პაუელს ღიად არ უთქვამს, რომ ეს ერაყული სპორები იყო, მაგრამ 2003 წელს ერაყში ამერიკელების და მათი მოკავშირეების შეჭრის საბაბი სწორედ მასობრივი განადგურების იარაღი იყო და ამ საბაბის შექმნაში ალიბეკსაც მიუძღვის წვლილი. ის საქვეყნოდ აცხადებდა, ეჭვი არ არის, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო. ერაყში ვერც მასობრივი განადგურების იარაღი იპოვეს, ვერც მისი რაიმე კვალი. "ნიუ იორკ თაიმსმა“ ამ თემაზე გამოძიება დაიწყო. ალიბეკის კვლევების შედეგები, რომელთა სენსაციურობაზეც თვით მკვლევარი აცხადებდა, ამერიკელი მეცნიერების კრიტიკას ვერ უძლებდა, მისი ურეცეპტო ტაბლეტები, რომლებიც პირდაპირ იყიდებოდა ინტერნეტით "იმუნიტეტის ასამაღლებლად“, დაცინვის საგანი გახდა.

ალიბეკი იძულებული გახდა, ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიოდაცვის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასულიყო. მან საფრთხე იგრძნო და მიხვდა, რომ დრო იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში დაბრუნებულიყო.

2006 წელს მან უკრაინაში გახსნა ფირმა "მაქს-ველის“ ფარმაცევტული საწარმო. ეს ფირმა ამერიკული "მაქსველ ბიოკორპორეშენის“ შვილობილი იყო. ცხადია, ამერიკული კომპანიის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ალიბეკი იყო. აქ ალიბეკის გზა კიდევ ერთ ყაზახ ემიგრანტთან, ოპოზიციონერ მუხთარ აბლიაზოვთან გადაიკვეთა, რომლის "ბთა ბანკი“ ახალი ფარმაცევტული საწარმოს ინვესტორი გახდა. უკრაინული საწარმო ამერიკიდან გაგზავნილ ფხვნილებს ფუთავდა, ამ ფხვნილებს ამერიკაში ასევე ალიბეკის საწარმო ამზადებდა. თანდათან გაჩნდა ეჭვი, რომ საწარმო ფულის გასათეთრებლად იყო გახსნილი. 2010 წელს ალიბეკმა უკრაინული საწარმო გაყიდა და მშობლიურ ყაზახეთში გადავიდა. აქ ასტანის "ნაზარბაევ უნივერსიტეტში“ ქიმიის და ბიოლოგიის კათედრის გამგე გახდა, ამავე დროს, ონკოლოგიით და ტრანსპლანტალოგიით დაკავდა, თუმცა ამის სპეციალისტი არასდროს ყოფილა. 7 წლის განმავლობაში ალიბეკის სამეცნიერო საქმიანობამ არანაირი შედეგი არ მოიტანა. ამ ხნის განმავლობაში მან კვლევებისთვის 1 მილიარდ ტენგემდე მიიღო. ეს დაახლოებით ექვსნახევარი მილიონი დოლარია. მისი პროექტი "ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი სისტემური თერაპია“ შვედური მეთოდიკიდან გადაწერილი აღმოჩნდა და ვერანაირი კიბოს პანაცეა, ცხადია, ალიბეკმა ვერ შექმნა. 2014 წელს მან ბრიფინგი მოაწყო და გამოაცხადა, კიბოთი დაავადებულ მომღერალ ჟანა ფრისკეს მხოლოდ მე შემიძლია ვუშველო და მისმა ოჯახმა უკვე მთხოვა დახმარებაო. თუმცა, ფრისკეს მამამ მაშინვე უარყო ეს ინფორმაცია.

ალიბეკის მიერ ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიაში შეტანილი სამი განაცხადი გამოგონებებზე უარყოფილი იქნა, რადგან მათში არავითარი სიახლე არ იყო. თანდათანობით ყაზახეთში ხვდებოდნენ, რომ "გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი“ ძველ უცხოურ მეთოდებს ასაღებდა თავის ინოვაციებად და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა არც ონკოლოგიასთან, არც საერთოდ მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან. 2017 წელს ალიბეკი იძულებული გახდა ყაზახეთიდან ისევ ამერიკაში დაბრუნებულიყო, სადაც თავის დროზე მან "მეცნიერული“ და "ბიოლოგიური იარაღის საწინააღმდეგო“ საქმიანობისთვის საერთო ჯამში თავისთვის და თავისი დამსაქმებლებისთვის 26 მილიონი დოლარის გრანტები მიიზიდა. ახლა, როცა დიდი დრო გავიდა და მისი მოღვაწეობის ამბავი დავიწყებული უნდა ყოფილიყო, ალიბეკს ძველი საქმიანობის გაგრძელების იმედი ჰქონდა, მაგრამ ეს იმედი არ გაუმართლდა.

გაზეთმა "ლოს-ანჯელეს თაიმსმა“ ალიბეკის საქმიანობა გამოიკვლია და მივიდა დასკვნამდე, რომ კენ ალიბეკი ბიოლოგიური იარაღის კვალიფიცირებული ექსპერტი არ არის და ამ სფეროში მის მიერ გახმაურებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სანდო არ არის. გენერალმა, დოქტორმა ფილიპ კ. რასელმა პირდაპირ თქვა, კენს რეალურად ჰქონდა ინფორმაცია საბჭოთა კავშირში ციმბირული წყლულის გავრცელების შესახებ, მაგრამ რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ ყვავილს, აქ ის საკუთარ ფანტაზიას უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე ფაქტებსო. მეტიც, საკმარისი იყო, მისი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სიღრმისეულად შეგვესწავლა, რომ აღმოჩნდებოდა, კენს იქ არაფერი გაეგებოდაო.

საექიმო გამოცდილების, და სამედიცინო პრაქტიკის კანონიერი ლიცენზიის არქონის მიუხედავად, კენ ალიბეკი თავს დღესაც ექიმს უწოდებს და ირწმუნება, რომ აუტიზმს კურნავს და ეს საქმიანობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, რაიმე დადასტურებული ინფორმაცია ამ მხრივ არ არსებობს... კინატჯან ალიბეკოვი ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში ნაქები საბჭოთა მეცნიერება. ვინ იცის, რამდენი მართლა ნიჭიერი მეცნიერი დარჩა შეუმჩნეველი, ვიდრე ალიბეკოვისნაირები კარიერას იწყობდნენ და თავს მეცნიერებად ასაღებდნენ.