ავტორი:

"თითქოს, ჩემს ტვინს არ ახსოვს, რა ხდებოდა...“ - სამხრეთ აფრიკაში, ჰაერში 3300 მეტრის სიმაღლეზე, მფრინავმა აღმოაჩინა, რომ მისი სკამის ქვეშ კობრა იყო

"თითქოს, ჩემს ტვინს არ ახსოვს, რა ხდებოდა...“ - სამხრეთ აფრიკაში, ჰაერში 3300 მეტრის სიმაღლეზე, მფრინავმა აღმოაჩინა, რომ მისი სკამის ქვეშ კობრა იყო

სამხრეთ აფრიკელი მფრინავი, რუდოლფ ერასმუსი მორიგ ფრენას ასრულებდა, თუმცა ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და სახიფათო ფრენა აღმოჩნდა. თვითმფრინავი ქალაქ ბლუმფონტეინიდან პრეტორიაში მიფრინავდა. როდესაც ჰაერში, დაახლოებით 3 300 მეტრის სიმაღლეზე იყო, მფრინავმა "დამატებით მგზავრი" აღმოაჩინა.

თუმცა ეს მგზავრი იყო არა ადამიანი, არამედ კობრა და ის მფრინავის სავარძლის ქვეშ სრიალებდა. "მართალი რომ გითხრათ, თითქოს ჩემს ტვინს არ ახსოვს, რა ხდებოდა. პირველ წამებში ეს იყო შიშის მომენტი“, - ამბობს მფრინავი BBC-სთან. იხსენებს, რომ რაღაც შეხება იგრძნო და როცა დაბლა დაიხედა, კობრა დაინახა, რის შემდეგაც ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავში კიდევ ოთხი გველი აღმოჩნდა.

მფინავი იხსენებს, რომ შეეშინდა, გველი მგზავრებს არ დაენახათ და ყოველივეს პანიკა არ მოჰყოლოდა.საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა, რომ ეთქვა მათთვის.

"ვაცნობე მგზავრებს: მისმინეთ, თვითმფრინავში გველია. ის ჩემი სავარძლის ქვეშაა. ვეცდებით, დავეშვათ მიწაზე სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია", - ამბობს ერასმუსი. მისი თქმით, მგზავრები ამ ინფორმაციას სრული დუმილით შეხვდნენ. "ვფირქობ, წამით ყველა გაიყინა“, - იხსენებს ის.

თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ უელკომში და საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ერასმუსს სამხრეთ აფრიკაში გმირს უწოდებენ.

"მან ყველა მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა და მიუხედავად დიდი საფრთხისა, შეძლო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო", - წერს ადგილობრივი მედია. მფირნავი კი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. "ვფიქრობ, ცოტას აჭარბებენ", - ამბობს ერასმუსი.