ავტორი:

"საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა არიან" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე: რა ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის გენშტაბი

"საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა არიან" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე: რა ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ დასახლებები - ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა რჩებიან.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნული ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

ამასთან, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათში, უკრაინის წინააღმდეგ 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 51-ჯერ გახსნეს.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 17 დარტყმა განახორციელა. პარალელურად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსული "კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის ორ სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის სამ საცავს და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის 3 პოზიციას დაარტყეს.