ავტორი:

აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში ჯონ კენედის ძმისშვილი, რობერტ ფიცჯერალდ კენედი ერთვება - რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას უმცროსმა კენედიმ

აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში ჯონ კენედის ძმისშვილი, რობერტ ფიცჯერალდ კენედი ერთვება - რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას უმცროსმა კენედიმ

რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსმა საარჩევნო დოკუმენტაცია წარადგინდა და 2024 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების რიგებიდან გეგმავს კენჭისყრას. ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილია.

  • აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ გასულ თვეში განაცხადა კიდევ ერთმა დემოკრატმა მარიან უილიამსონმა. ცნობილია, რომ მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, თუმცა ჯერჯერობით კანდიდატურის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

69 წლის რობერტ კენედის საზოგადოება იცნობს როგორც ანტივაქსერს. საინტერესოა, რომ მისი სკეპტიკური დამოკიდებულება ვაქცინების მიმართ კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება და უფრო ადრეული წლებიდან იღებს სათავეს.

კოვიდპანდემიის დროს კი მან ანტივაქსერების ახალი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია შეიძინა, თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავს, მათ შორის ოჯახშიც. 2021 წელს მისმა დამ, კერი კენედიმ რობერტის მოსაზრებას ვაქცინებთან დაკავშირებით "ძალიან საშიში" უწოდა.

რობერტ კენედიმ გამოსცა წიგნი სახელად "ნამდვილი ენტონი ფაუჩი“, რომელშიც ფაუჩი დაადანაშაულა "დასავლური დემოკრატიის ისტორიულ გადატრიალებაში."

მარტში კენედიმ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განიხილავდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

"თუ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო და კორპორატიული ძალაუფლების კორუფციული შერწყმის დასრულება, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ეკონომიკა, დაანგრია საშუალო კლასი, დააბინძურა გარემო, მოწამლა ჩვენი შვილები და გაძარცვა ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება“, - წერდა კენედი, ახლა კი არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე ოფიციალურად წარადგინა.

რობერტ კენედი ცოლთან ერთად

კენედი 2014 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე მსახიობი შერილ ჰაინსია. წყვილი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ცხოვრობს.