ავტორი:

სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება

სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის ე.წ. კლანის წევრების მიმართ გამოიყენა.

სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია შეეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იხილეთ სრულად

მას მერე, რაც სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი მოსამართლეები "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადმოიბარა, ლაპარაკი არ წყდება იმაზე, რომ ამ სისტემას ე.წ. კლანი მართავს, რომელიც პოლიტიკური ინტერესების მიხედვით მოქმედებს ისევე, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა.

"კლანიც ძალაუფლებისთვის იბრძვის და ისინი სისტემაში არავის აჭაჭანებენ, არც რეალური კონკურსები ტარდება, არ იღებენ ახალგაზრდებს და 380 მოსამართლიდან ყველა ერთმანეთის ახლობელ-ნათესავ-მეგობარია", - ამ განცხადებებს ხშირად ვისმენდით იუსტიციის საბჭოს ყოფილი, არამოსამართლე წევრების - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილისგან.

მათივე თქმით, ე.წ. კლანი სასამართლო სისტემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების მეშვეობით მართავს. საბჭოს ხელშია მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურება-დასჯის ბერკეტები. თავმჯდომარეები კი უზრუნველყოფენ განსაკუთრებული საქმეების კლანის წევრ მოსამართლეებზე განაწილებასა და შესაბამის ინსტრუქტაჟს.

გადავხედოთ სანქცირებული მოსამართლეების სკანდალურ საქმეებსა და ქონებას:

  • ვინ არის "სისტემის მსხვერპლი“ ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძე ჯერ კიდევ 2013 წელს მოექცა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყურადღების ცენტრში, გაიმართა საგანგებო შეხვედრაც და ივანიშვილმა მას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ჭეშმარიტი მზრუნველი უწოდა. მურუსიძის აზრებს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგაც უსმენდნენ "ქართულ ოცნებაში“, მის პოზიციას ითვალისწინებდნენ უმაღლესი პირები და ამას აკეთებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძეს საზოგადოებამ წარსულის გახმაურებულ საქმეებში შესრულებული უარყოფითი როლი შეახსენა, ბიძინა ივანიშვილმა აგორებული ტალღა "ნაციონალური მოძრაობის“ პიარად შეაფასა, ხოლო თავად მურუსიძეს "სისტემის მსხვერპლი" უწოდა.

ლევან მურუსიძემ, რომელიც 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, თავის დროზე სახელი გაითქვა, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყველაზე უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ. შემდგომში მის უვადო მოსამართლედ დანიშვნას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მას ბრალი კლანურ მმართველობაშიც დასდეს. ლევან მურუსიძის საქმიანობას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აკრიტიკებდნენ, თუმცა "ოცნების“ ხელისუფლებამ სასათბურე პირობები გაუხანგრძლივა მასაც და სხვა საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებსაც, რომლებიც, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თუ დავესესხებით, "ადრე ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ“, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში "კარგ რაღაცებს აკეთებენ“.

2007 წელს ლევან მურუსიძის მონაწილეობით უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ლევან მურუსიძის მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას; ასევე დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე.

განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერაც აქვს, ვკითხულობთ: "დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს". 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს სასჯელი შეუმცირა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო გირგვლიანის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნო და განაჩენში ჩაწერა, რომ სასამართლო გირგვლიანის ოჯახს უსამართლოდ მოექცა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა მან სააპელაციო სასამართლოში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საქმეზე გამოძიება უხარისხოდ ჩატარდა, ფაქტები კი მიჩქმალეს.

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე, რომელსაც მუდმივად უკავშირებენ მურუსიძის სახელს, სულხან მოლაშვილის საქმეა. 2006 წლის 23 ივნისს ლევან მურუსიძემ უშუალოდ წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულის ფოტოები, გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, სულხან მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომ ოთხ მუხლში უდანაშაულოდ ცნო და ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარა.

მურუსიძე 2018 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. საბჭოში წევრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედმა მოსამართლეებმა უარი თქვეს იქ მუშაობის გაგრძელებაზე.

  • მიხეილ ჩინჩალაძე - "კლანის რუხი კარდინალი“

მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2005 წელს მას მიღებული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი. 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით. 2017 წლის მაისში, როცა მას უვადო მოსამართლედ ამტკიცებდნენ, საკუთარი გასაუბრება დახურა - შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რა კრიტერიუმით აირჩიეს ის. 2018 წელს ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს შორის, რის გამოც მმართველი პარტია დატოვა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ.

მისი სახელი და გვარი გახმაურდა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებითაც, როცა მიხეილ ჩინჩალაძე და იმ დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. იმჟამად ლევან მურუსიძემ თქვა, რომ ეს ბრალდება იყო ცილისწამება და მოკვლევა ვერ დაიწყებოდა.

მიხეილ ჩინჩალაძე საქალაქო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნად მუშაობდა, შემდგომში კი თანაშემწედ. მას ადრე ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელად მოიხსენიებდნენ, დღეს კი "კლანის რუხ კარდინალს“ უწოდებენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩინჩალაძე მცხეთა-მთიანეთის პროკურორი იყო, მის კისერზეა ზვიად ობოლაძის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა. ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩინჩალაძის საქმიანობის შეფასებისას გვეუბნებოდა, რომ: "მას ორასზე მეტი საქმე აქვს განხილული და არცერთ მათგანზე გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ყველა მათგანზე გაცემული აქვს ერთგვერდიანი განჩინებები საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოგვევლინა, დღეს კი აქვს პრეტენზია იყოს უზენაეს სასამართლოში და ისევ მისი მეშვეობით იმართებოდეს სასამართლოს მესამე შტო, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია“.

  • ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლიდან მუშაობს თავმჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ. მისი მოსამართლეობის კარიერაც წინა ხელისუფლების დროს იწყება. 2020 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მისი ახლო ნათესავი - დის ქმარი ლევან თევზაძე ამ საბჭოში კანდიდატად წარსდგა. მან მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.

2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა ირაკლი შენგელიას კავშირებზე. იმ დროის მონაცემებით:

ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად. ეს ქალბატონი ასევე გახლავთ პარლამენტარ ალუდა ღუდუშაურის სიდედრი.

ირაკლი შენგელიას დისშვილი, სალომე კაცაძე - მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი "სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე" საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას უსჯიდნენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებით, მოსამართლე შენგელია ამბობდა:

"რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, რომ პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს".

  • ვალერიან ცერცვაძე

ცერცვაძე დასანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთადერთია, რომელიც აღარ იკავებს მოსამართლის თანამდებობას. ისიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სასამართლოში მაღალ თანამდებობებზე. იგი თავის დროზე ადეიშვილთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა სასამართლოში და როგორც ამბობდნენ, სწორედ მისი მეშვეობით მართავდა სასამართლოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორი. ცერცვაძე 2008 წლის 8 ოქტომბერს აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ის იმ დროს უკვე იკავებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. ამ ხელისუფლების პირობებში ცერცვაძე 2016 წლამდე დარჩა სასამართლო სისტემაში.

ცერცვაძემ 2017 წელს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. ეს პოსტი მალევე ჩინჩალაძემ დაიკავა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ მომავალი თავმჯდომარის ვინაობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. დასანქცირების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვალერიან ცერცვაძე. მისი თქმით, 6 წელია რაც არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე აღარ არის. "ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას", წერს ის. იხილეთ სრულად

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი უმცროსი შვილი 2013 წელს ნიუ ორკში დაიბადა და შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეა. როგორც "ბიზნესპრესნიუსმა" გაარკვია, "შუაგული“, "აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობენ. იხილეთ სრულად

  • მდიდრული და გადამალული ქონება

2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა "სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, კლანის ლიდერები მათ ქონებას დეკლარაციაში არ უთითებენ და სხვათა სახელზე გაფორმებული მათი მდიდრული და გადამალული ქონება, ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე მიანიშნებს. მას შემდეგ, რაც დასანქცირების ამბავი შეიტყო, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება..."

მართალია, მურუსიძე იმედიანად არის და ამბობს, რომ "ქონება არ გააჩნია“, თუმცა "მონიტორის" გამოძიების თანახმად, ისიც და მთელი სასამართლო კლანიც რეკორდულად გაზრდილი ქონებით გამოირჩევა - მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ მოსამართლე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა - 100.03 კვადრატული მეტრი, 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია. 2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა "მერსედეს ბენცი“ 102 420 ლარად იყიდა. ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის ნაწილის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა. ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე ფეშენებელურ სახლში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ლელა ჭანიაზე აფორმებს.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია "თავისუფლების მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ჯამაგირი თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში - 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა - 3 ბინა (თბილისსა და ბათუმში) და 2 მიწის ნაკვეთი.

სტუდია "მონიტორის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებითვე გაირკვა, რომ კიდევ ერთმა გავლენიანმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული. სასამართლო კლანის კიდევ ერთ წევრს, მიხეილ ჩინჩალაძეს დედაზე აქვს გაფორმებული საგურამოში მდიდრული სახლი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. მიხეილ ჩინჩალაძეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ვერაზე და ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში ჩინჩალაძის ოჯახი ორ ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.

იხილეთ ასევე: