ავტორი:

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოსალოდნელი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება და მას ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

ადვოკატის თქმით, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადვოკატი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.

"სანქციებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით ვისაუბრეთ. მან თქვა, რომ მოსალოდნელიც იყო და არ გაჰკვირვებია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადვოკატი მიესალმება ამას იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ჩემი მოსაზრებით ეს საკითხი გაგრძელდება“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქმის დაბრუნება არ განიხილება.

"ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქმის დაბრუნება არ განიხილება და სულ სხვა გეგმით მიდის მუშაობა. კლინიკიდან ავადმყოფობის ისტორიებს ვიღებთ და ვსწავლობთ, გეგმა არის ზოგადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი. თუ რაიმე გადაწყვეტილება მიიღება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. სტრასბურგთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჯერ არც დაწყებულა ამაზე ფიქრი და მუშაობა, მისი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. თუ ის გვეტყვის, ადვოკატები შევასრულებთ”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის პალატაში ადამიანების ჯგუფი ფანჯრებიდან ფირს ხსნიდნენ, ხოლო გისოსები ისევ ადგილზეა.

"ბოლო ამ თვის, მარტის ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე. მასთან ვერ ვისაუბრე. თქვენ გახსოვთ ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ საკანში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ფანჯრები დალუქული ყოფილიყო. მასთან კი ისეთი მასალაა გაკრული, რომლის საშუალებით მზის სხივი ოთახში არ შედის. ჩვენი მოთხოვნა მაშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ არ გაიზიარა და განმარტება არ გააკეთა. წამების აკრძალვის კომიტეტმა მკაცრი მითითება მისცა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს და ახლა მასთან მთელი ჯგუფი შესული იყო და ფანჯრიდან ბადეებს ხსნიდნენ. ფირს, რომლის მერეც მზის სხივი საკანში შევა. ამ ეტაპზე, გისოსები ისევ ადგილზეა“, - აღნიშნა ადვოკატმა.