ავტორი:

"ანუ რა გამოდის? - ვის რა მოეწონება, ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ?" - პაატა სილაგაძე სანქცირებაზე

"ანუ რა გამოდის? - ვის რა მოეწონება, ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ?" - პაატა სილაგაძე სანქცირებაზე

ნამდვილად მძიმე სურათია, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ის იზარებს კოლეგების პათოსს, თანადგომას უცხადებს იმ კოლეგებს, ვისზეც სანქციებია გამოყენებული.

მისი თქმით, თუკი ფაქტი არსებობს, მაშინ „აუცილებლად უნდა ითქვას და დაიდოს”.

უმაღლესი საბჭოს წევრი იზიარებს საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიციას, რომ აუცილებელია შეიკრიბონ, თუნდაც იუსტიციის საბჭოს პირობებში სახელმწიფოს კომპეტენტურ პირებთან და ამ საკითხზე დეტალურად და გულწრფელად ისაუბრონ.

"დღეს, სანამ საბჭოს სხდომაზე მოვიდოდი, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ვესაუბრებოდი და ასეთი შეშფოთებული პოზიცია ჰქონდა, ნუთუ ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ვიფიქრო იმაზე, რა პოლიტიკური შეფასება მოჰყვება ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის მიერ?! ანუ ეს რა გამოდის?… ვის რა მოეწონება ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ თუ კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება?”, - განაცხადა პაატა სილაგაძემ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.