ავტორი:

"უკრაინელებმა 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

"უკრაინელებმა 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება"  - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები შტურმს განაგრძობენ და ქალაქზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობენ. სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს.

საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 6 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს. გარდა ამისა, გაანადგურეს 3 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ("Orlan-10“, "Supercam“ და "Lancet-3“). უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, საწვავი და საპოხი მასალების 2 საცავსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.