ავტორი:

"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

გოგონა ბათუმიდან, ზღაპრული სამყაროთი, 3.5 მილიონი გამომწერით "ინსტაგრამზე", ახალგაზრდა მეზღვაური მეუღლითა და სამი მცირეწლოვანი შვილით - ეს მარიამ შუკაკიძეა. მას წლებია, რაც სოციალური ქსელის საშუალებით იცნობენ, მაგრამ ალბათ ერთადერთია, რომელიც თავის პოპულარობას ნაკლებად იყენებს. მის ინტერვიუებს თითქმის ვერ ნახავთ, არ სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს და იშვიათად წერს ვრცელ სტატუსებს.

ულამაზესი და მდიდრული ფოტოების უკან მარიამისა და დავითის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო იმალება. ქმარი საყვარელ ცოლს ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებს. მარიამი ამბობს, რომ დავითი სწორედ ის მამაკაცია, რომელზეც ოცნებობდა.

Ambebi.ge-სთან ოჯახური ცხოვრების, ბედნიერების საიდუმლოსა და მომავლის გეგმებზე საუბრობს.

- მარიამ, თქვენი ცხოვრება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით გადევნებთ თვალს, ზღაპარს ჰგავს, როგორია რეალობა?

- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საოცარი გრძნობაა, როცა უამრავ ადამიანს უყვარხარ, ყურადღების ცენტრში ხარ, გამოხატავენ სითბოს, პატივისცემას და ინტერესს შენს მიმართ. სიმართლე, რომ გითხრათ, არაფერი გამიკეთებია პოპულარობისთვის. ყოველთვის ხალხისგან მოდიოდა ინტერესი, ვუზიარებ რჩევებს, სიახლეებს, ლამაზ ფოტოებს. ძალიან მცირედით შემოვიფარგლები. სულ ვფიქრობ იმაზე, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს ეს ყველაფერი. ამიტომ ზომიერად ვაქტიურობ ინსტაგრამზე.

- მშობლებზე მინდა გკითხოთ, ვინ არიან ისინი, როგორ გარემოში გაიზარდეთ, ბათუმიდან ხართ...

- ნამდვილად საამაყო მშობლების შვილი ვარ, დედა პროფესიით ექიმია. მამა ვეტერანი ფეხბურთელი, შემდეგ მწვრთნელი, დღესაც სპორტის სფეროშია. განებივრებული ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ყველაფერი მქონდა, რასაც ვისურვებდი, ლაღი ბავშვობა. სავსეა ბედნიერი მომენტებით, წარსულის მოგონებები.

- ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა ბათუმიდან, რომელიც ლამაზ სამყაროში ცხოვრობს... ბევრი გოგონა გაუცნია საზოგადოებას, მაგრამ თქვენი ცხოვრება წლებია, რაც ძალიან საინტერესოდ გრძელდება. მეუღლე ამ ცხოვრებაში ერთგვარ ზღაპრულ პრინცად ჩანს, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ისურვებდა ისეთივე ცხოვრებას, როგორც მე მაქვს. საოცარი ქმარი მყავს, როგორზეც ალბათ ყველა გოგო იოცნებებდა, რაღა დაგიმალოთ და ზუსტად ისეთია, მე რომ წარმომედგინა ოცნებებში. ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე, კეთილი. იშვიათია ასეთი წრფელი პიროვნება. ერთმანეთი 2017 წელს მისმა ნათესავმა გაგვაცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ორივე მხრიდან. ინტერესს ალბათ იმიტომ არ ვკარგავთ, რომ ყოველთვის რაღაც კარგი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის განვითარება და წინსვლა გვაქვს. ვთვლი, რომ ამას ვიმსახურებთ. რადგან მე და ჩემს მეუღლეს უამრავი კარგი რამ გაგვიკეთებია ადამიანებისთვის. მატერიალურ დახმარებას ვგულისხმობ, რაც შემდეგ დადებითად გვიბრუნდება.

- ერთხელ მითხარით, რომ ინფლუენსერი არ ხართ, არაფერს არეკლამებთ და რეალურად თანხას არასოდეს იღებთ იმ ბრენდების რეკლამირებაში, რომელიც თავად გაცვიათ ან თქვენს ფოტოებზე ჩანს, მაშინ რა არის თქვენი მიზანი, 3.5 მილიონი გამომწერი, არცერთ ქართველს არ ჰყავს სოციალურ ქსელში?

- არ მინდა ყოველდღიურად რეკლამებით მოვაბეზრო ხალხს თავი, მაგრამ იშვიათად მეც ვუწევ რეკომენდაციას იმ კომპანიებს/პროდუქტებს, რომლითაც თავად კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანი უფრო სხვა რამეა, ვიდრე ინფლუენსერობა. მინდა, რომ მე თვითონ შემოვიტანო სიახლეები. ჩემი საკუთარი ბიზნესი და საკუთარი ბრენდი, რაც უკვე მაქვს. ნელ-ნელა ვიწყებ განვითარებას და მიხარია, რომ ამის შესახებ ბევრი გაიგებს.

- გყავთ სამი ულამაზესი გოგონა, თქვენი ყველა მშობიარობაც ერთგვარი ახალი სერია იყო იმ სერიალში, რომელშიც თქვენი გამომწერები ცხოვრობენ და წლებია გრძელდება. როგორ ახერხებდით მშობიარობის შემდეგ ერთ საათში მაკიაჟით ყოფილიყავით გამომწერების წინაშე?

- სხვანაირად ვერც წარმომიდგენია თავი, აუცილებლად ფორმაში უნდა ვიყო, აუცილებლად ლამაზი და მოწესრიგებული. რადგან ჩემი გამომწერები ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდებიან ჩემგან. აი ზუსტად ის ხალხი მაძლევს ძალას, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ თბილ სიტყვას მწერენ ხოლმე.

- უამრავი თაყვანისმცემლების გარდა, ბევრი გაკრიტიკებთ, გაბრალებენ, რომ გაკეთებული გაქვთ პლასტიკური ოპერაციები, ასევე წერენ, რომ თქვენი ფოტოებისთვის იყენებთ ფოტოშოპს, სხვადასხვა პროგრამებს, რას უპასუხებდით მათ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ ყოველთვის გამოერევა რამდენიმე ისეთი ვინც, უბრალოდ, ცუდ ხასიათზეა. პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ერთხელ მაქვს გაკეთებული, ცხვირის გამრუდების გამო სუნთქვა მიჭირდა და ამიტომ გავიკეთე, ასევე ფორმაც შევიცვალე, რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რაც საკუთარ თავში არ მოსწონს, შეცვალოს და იდეალური გახდეს. დანარჩენი უბრალოდ თავის მოვლის შედეგია, კოსმეტოლოგი/ დამატენიანებლები და ასე შემდეგ. ტანს რაც შეეხება, წონის პრობლემა არასოდეს მქონია, ამიტომ ძალიან მალე ვდგები ფორმაში, არანაირი ოპერაცია. ფოტოშოპს დღეს ყველა იყენებს, ასევე მეც რადგან ძალიან დიდი აუდიტორია მყავს და უბრალოდ გადაღებულ ფოტოს ვერ „დავაგდებ“, მაგრამ ამას ისე არ ვაკეთებ, რომ საკუთარი თავს არ ვგავდე ფოტოებში. ძალიან მომწონს ისეც და ასეც ჩემი თავი, მაგრამ ვთვლი, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვაკეთოთ ის, რაც გვსურს.

- მარიამ თქვენი ფოტოები ძირითადად ბათუმშია ხოლმე გადაღებული, მოგზაურობა თუ გიყვართ, რამდენად ახერხებთ. ბოლოს გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციით, თითქოს საქართველოდან წასვლას აპირებთ.

- იშვიათად ვმოგზაურობთ. მირჩევნია ჯერ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები დავაყენო წინ. მოგზაურობას ყოველთვის მოვასწრებთ. დიახ, მალე ამერიკაში ვაპირებთ წასვლას ოჯახით, მაგრამ ეს ჩემი სურვილი არ არის, არ მინდა წასვლა. მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე გვიწევს წასვლა და რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები ჩვენთან ერთად იქნებიან.

- სამი შვილის დედისთვის მუდმივად ფორმაში ყოფნა ადვილი არ უნდა იყოს, დამხმარეები თუ გყავთ, რომლებიც გოგონების გაზრდაში გეხმარებიან?

- კი მყავს დამხმარე, ასევე მეხმარება დედა. ასე რომ, ჩვეულებრივად მრჩება დრო საკუთარი თავისთვის.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რას საქმიანობთ, რაიმე ტიპის ბიზნესით თუ ხართ დაკავებული, რა პრინციპით გეგმავთ ხოლმე ფოტოგადაღებებს სოციალური ქსელებისთვის?

- ბოლო 2 თვეა, მთლიანად გადავერთე ბიზნეს საქმიანობაში, გავხდი კომპანიის მფლობელი, ძალიან მალე ბათუმს შეემატება ესთეტიკური სალონი, სადაც ყველაფერი იქნება, რაც ყველა ქალს სჭირდება. ახლა მიმდინარეობს რემონტი. მინდა რომ საუკეთესო იყოს ყველაფერი და ასეც იქნება, რადგან ყველანაირად ვეცდები, ჩვენი მომხმარებლების გაოცებას. ამასთან ერთად, ალბათ იცით, რომ 2020 წლიდან ვკერავ სამოსს, რომელიც ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება. ვფიქრობ მაღაზიის გახსნას. ასეთი გადატვირთული გრაფიკის გამო, ყოველდღიურად ვერ ვიღებ ფოტოებს, რადგან დრო არ მრჩება. განსაკუთრებულ მომენტებს ავღბეჭდავ ხოლმე.

- დარწმუნებული ვარ ბევრ ტელევიზიას შემოუთავაზებია ინტერვიუ, თუმცა ასეთი არ მახსენდება, რატომ ამბობთ უარს ტელევიზიით გამოჩენაზე?

- ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ. ხალხი ისედაც მიცნობს. დღეს ნაკლებად უყურებენ სატელევიზიო გადაცემებს. სოციალური ქსელები უფრო აქტიურია, ვიდრე ტელევიზია. შემომთავაზეს ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანად მუშაობა, რასაც დღემდე განვიხილავ, მაგრამ წინასწარ ვერ დაგპირდებით ვერაფერს.

- მარიამ, დასასრულს შეგიძლიათ თქვენეული ბედნიერების რეცეპტი გაგვიმხილოთ?

- ბედნიერება შინაგან უბრალოებაშია, სიკეთეშია, რასაც სხვების მიმართ ვაკეთებთ და დადებით ენერგიებს ვიღებთ. მაგრამ იცით ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის? - სამი ანგელოზი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით გიყურებს და გრძნობ როგორ უყვარხარ შენს პატარა შვილებს. ბედნიერებაა გვერდით ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ოჯახისთვის ზრუნავს, შვილების მომავლისთვის. საბოლოოდ მაინც იმ ჭეშმარიტებამდე მივდივარ, რომელსაც ოჯახი ჰქვია. დანარჩენი, არანარ მატერიალურ და ძვირადღირებულ ნივთს არ შეუძლია ბედნიერების მონიჭება, როგორსაც შენი საყვარელი ადამიანებისგან მიიღებ.

წაიკითხეთ ასევე: