ავტორი:

"კრიტიკული მომენტი წლის ბოლოს, დეკემბერში დადგება, როცა ჩემი აზრით, სტატუსზე უარი იქნება" - ზურაბ ჯაფარიძე

"კრიტიკული მომენტი წლის ბოლოს, დეკემბერში დადგება, როცა ჩემი აზრით, სტატუსზე უარი იქნება" - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ვერსია, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა, „არის სისულელე და არასერიოზული“.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა, შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

"გარედან იმის დადასტურება მოხდა, რაზეც წლების განმავლობაში ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც საუბრობდა, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი არ არის და ის პოლიტიკურად კონტროლდება. ამერიკელები ამბობენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები ამ მოსამართლეებთან მიმართებით, რა ტიპის გარიგებებშიც ისინი ჩართულნი იყვნენ. განცხადება, რომ ამერიკის საელჩოს სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა, ცხადია, სისულელე და არასერიოზულია. რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ თქვა, რომ ნაწილი მტკიცებულებები არის მათი წყაროებით შეგროვებული და ნაწილი მტკიცებულებები არის საჯარო და ნებისმიერ მოქალაქეს, ლევან მურუსიძესაც შეუძლია „დაგუგლოს“ და იპოვოს, მათ შორის საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული არაერთი მასალა მასთან დაკავშირებით, რაც ჩვეულებრივი მტკიცებულებებია.

ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია სხვა ქვეყნის მოქალაქე საკუთარი საზღვრიდან გააბრუნოს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. საქართველოში უამრავ ადამიანს არ უშვებენ და საზღვრიდან ატრიალებენ, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. ამ მოსამართლეებს შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის პოზიციას სასამართლოში დაიცავს. ზოგადად, სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას იღებს ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლის საშუალებითაც მას სასამართლოში შეუძლია თავი დაიცვას, თუ არა და ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. იმიტომ, რომ ეს ამერიკაა და არა საბჭოთა კავშირი.

პირველივე საღამოს, როცა სანქციებზე ამბავი გავრცელდა, ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში ისროდა ათასნაირ ბოდვას, ლაპარაკობდა, რომ სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა აშშ-ს საელჩოს, გლობალური ომის პარტია გვებრძვის, ბლინკენი შეცდომაში შეიყვანეს და „გასვარეს“. მან ათასი იდიოტობა თქვა. რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი არის, რომ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ბევრი რაღაც ნაკადად გაუშვა და მერე დატესტო, რომელი მუშაობს და რომელიც იმუშავებს, ის გამოიყენო. ჩვენ პრორუსებს გვეძახიან და ვითომ ჩვენ რუსული გეგმა გვაქვს არევის, თუ რაღაც“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოსთვის კრიტიკული მომენტი წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღების დროს დადგება.

„ვფიქრობ, კრიტიკული მომენტი წლის ბოლოს, დეკემბერში დადგება, როცა ჩემი აზრით, მაღალი ალბათობით, ამ სტატუსზე უარი იქნება. მერე რა მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია. იქამდე მანამდე ოპოზიციამ კოორდინირებულად რაღაც ტიპის გამარჯვებები უნდა მოიპოვოს. ჩემი აზრით, ყველას ფოკუსი ახლა ლაზარეს გრიგორიადისის გათავისუფლება უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.