ავტორი:

წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური და ისტორიული კადრები ერთ სივრცეში - ცნობილი ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგალერეა გაიხსნა

წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური და ისტორიული კადრები ერთ სივრცეში - ცნობილი ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგალერეა გაიხსნა

ცნობილ ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები საზოგადოების ყურადღებას დიდი ხანია იპყრობს. მისი ნამუშევრების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, გულშემატკივრების მოთხოვნით, აბაშიძის 17-ში ფოტოხელოვანის პირველი მუდმივმოქმედი ფოტოგალერეა გაიხსნა.

აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილია ავტორის როგორც კარგად ნაცნობი, ასევე უახლოესი ფოტოები, საიმიჯო ფოტოალბომები საქართველოსა და თბილისზე. ასევე ღია ბარათები და ნივთები ფოტოგამოსახულებებით.

ბადრი ვადაჭკორია:

"მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში და ასევე მათ ცხოვრებაში, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს და უყვარს საქართველო... ყველა კადრი ისეთია, რომ ნებისმიერი მნახველი ფიქრობს, ამას მეც ხომ გადავიღებდიო. ამაშია საქმე - ფოტო ადამიანს ისეთი კუთხით და მასშტაბით უნდა შესთავაზო, დაანახო, რომელიც მისთვის ახლობელია“.

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"ვულოცავ ბადრი ვადაჭკორიას გალერეის გახსნას. ეს გალერეა ერთგვარი ლოკომოტივია სხვა ფოტოგრაფებისთვის, რომ მათაც გახსნან ფოტოგალერეები. ფოტოგრაფია ხომ XXI-ე საუკუნის ყველაზე მასობრივი ხელოვნებაა. ამიტომ, მგონია, ბადრის ამ საქმეში სხვებიც მიბაძავენ და გახსნიან გალერეას. ფოტოგრაფია კარგი საშუალებაა შენი ქვეყანა ახლოს გააცნო თანამემამულეებს და სტუმრებს“. მსურველებს ბადრი ვადაჭკორიას ნამუშევრების შეძენა შეუძლიათ როგორც გალერეაში, ასევე ვებგვრდზე.

ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორიას საზოგადოება იცნობს ასევე როგორც ჟურნალისტსა და დიპლომატს. ის ფოტოხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა და მას მერე ფოტოზე მილიონობით უნიკალური და ისტორიული კადრი აღბეჭდა.

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალების კორესპონდენტი იყო, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 34 წელი იმუშავა. ასევე მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში. იყო დიპლომატიურ სამსახურში - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი თურქეთში.

ფოტოები: გოგა ჩანადირი