ავტორი:

სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)

სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილს ცეცხლი ჰამრას დასახლებასთან გაუხსნეს, რის შედეგადაც მასში მყოფი 20 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა, 45 წლის ქალი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ "ტერორისტებს ეძებენ“.

  • ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის ფაქტები მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახშირდა. BBC-ის ინფორმაციით, იმ დროიდან მოყოლებული ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელის ლიკვიდაცია განახორციელეს. პალესტინელების თავდასხმებს კი ისრაელის მხრიდან 16 ადამიანი, მათ შორის 15 სამოქალაქო პირი და ერთი სამართალდამცავი, ემსხვერპლა.

ცნობისთვის, წუხელ ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზადან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ღაზაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.

ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან რაკეტები გაისროლეს. მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა.

"სიონისტურ ოკუპაციას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მძიმე ესკალაციისა და ღაზას სექტორის წინააღმდეგ უხეში აგრესიის განხორციელების გამო და იმ შედეგებზე, რასაც ეს ქმედებები რეგიონს მოუტანს“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 34 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, მაგრამ ექვსი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც შენობები დააზიანა. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ყველაზე დიდი ზალპი იყო 2006 წლის ომის შემდეგ.