ძველ ფრანგულ მატიანეში ("l’histoire Generale") დემეტრე თავდადებულზე ერთ საოცარ ამბავს გადავაწყდი, მეტად ამაღელვებელს…
1281 წელს ჯვაროსნები, მონღოლები და ქართველები ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ დაიძრნენ... ქართულ ლაშქარს ახალგაზრდა დემეტრე თავდადებული სარდლობდა.
ოქტომბერში მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაპირისპირება მოხდა. მონღოლურ-ქართულ-ჯვაროსნული კოალიცია ეგვიპტელ მამლუქებს დაუპირისპირდა. დემეტრემ მოწინავეობა მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს სთხოვა. ტრადიციულად, ქართველები მონღოლთა არმიაში მოწინავეები იყვნენ, "ქართლის ცხოვრება" ამასთან დაკავშირებით შენიშნავს კიდეც: "წესადამცა არს წინამბრძოლობა ქართველთა".
კოალიციური ლაშქრის სარდალმა დემეტრეს თხოვნა შეასრულა.
ცნობილია, რომ ეგვიპტელი მამლუქები მთელ აღმოსავლეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ხსენებულ ფრანგულ მატიანეში აღნიშნულია, რომ მამლუქებმა მონქეს კოალიციური არმიის ის ნაწილები, რომლებიც მონღოლთა და ჯვაროსანთაგან შედგებოდა, უკუაქციეს, დაჭრეს კოალიციური ლაშქრის მეთაური მონქეც, მაგრამ იმ ფლანგზე, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, აქ მტერი უკუიქცა (le même changement n’arriva pas dans l’aîle droite, où combattoit cinq mille Georgiens - იგივე ცვლილებები არ მომხდარა მარჯვენა ფრთაზე, სადაც ხუთი ათასი ქართველი იბრძოდა - "l’histoire Generale"- ფრანგ. მატიანე).
როცა ქართველთა მეფემ გაიგო, რომ მთავარი ლაშქარი დამარცხდა, მან უკანდახეულ ძირითად ლაშქართან შეერთება გადაწყვიტა. წყარო აგრძელებს, რომ სწორედ ამ დროს, უკვე გამარჯვებული და დაღლილი ქართველების წინააღმდეგ, თადარიგიანმა სულთანმა ქალავუნმა გამოიყვანა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლები. დაიწყო კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც იმაზე სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე - პირველი, მაგრამ ბრძოლის ველზე მხოლოდ ქართველთა რაზმი იყო დარჩენილი. სამხედრო ისტორიის არა ერთი მაგალითი გვაჩვენებს, რომ როდესაც უკვე ნაომარი, დაღლილი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება ახალი, დასვენებული შენაერთები, (თანაც, ელიტური, ყველაზე მაღალბრძოლისუნარიანი), მათ წინააღმდეგ უკვე ნაომარ და დაღლილ ლაშქარს თითქმის არანაირი შანსი არ აქვს. გაუგონარი სისასტიკის ბრძოლა შუა ღამემდე გაგრძელდა. მიუხედავად ქართველების გადაღლილობისა და მიუხედავად მამლუქთა ამ შენაერთის ელიტურობისა, ქართველთა მეფემ, რომელიც, ტრადიციულად, წყაროში სომეხთა მეფედაც იწოდება, მტერი ამჯერადაც მოიგერია. გააგრძელეთ კითხვა