ავტორი:

"ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყინულმჭრელი! - რატომ უყვარს ის საქართველოს?" - ცნობილ იტალიურ გამოცემა “Corriere Dello Sport”- ში გამოქვეყნებული სტატია

"ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყინულმჭრელი! - რატომ უყვარს ის საქართველოს?" - ცნობილ იტალიურ გამოცემა “Corriere Dello Sport”- ში გამოქვეყნებული სტატია

"ეს სტატია არის ერთგვარი პასუხი იტალიელების ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე: - "რატომ გააღმერთა ხვიჩა კვარაცხელია საქართველომ?“ - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე- სორდინი, რომლის სტატიაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიურ სპორტულ გაზეთში “Corriere Dello Sport” დაიბეჭდა. ნინას ვთხოვეთ სტატია ჩვენი მკითხველისთვის ქართულად ეთარგმნა, არ დაგვზარდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

  • ხვიჩა კვარაცხელია - ყინულმჭრელი!

დღეს უკვე მახალისებს 2022 წლის ზაფხულის გახსნება, როდესაც ხვიჩა "იდეალური უცნობის“ სტატუსით ჩამოვიდა ნეაპოლში... მახსოვს, იტალიელების, ნეაპოლელების უნდობლობა. ბევრს ეგონა, რომ კვარაცხელია პირველივე თამაშებში ფიასკოს განიცდიდა და დიდი ხნით აღმოჩნდებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ “ნაპოლის”, სპალეტის, დე ლაურენტისის და უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ქართველების ბედად და საბედნიეროდ, ეს პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა.

შემთხვევით არ აღმინიშნავს "საქართველოს საბედნიეროდ", რადგან ისეთ პატარა, მაგრამ თავისი ათასწლოვანი ისტორიითა და კულტურით მნიშვნელოვანი ერს და ქვეყანას. როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჯერ რუსეთის მეფის, შემდეგ საბჭოთა კავშირისა და კომუნისტების, მოგვიანებით კი პუტინის რუსეთის წნეხს განიცდიდა, სჭირდებოდა გმირი, რომელიც ყინულს დაამსხვრევდა და ევროპისა და ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მზერასა და ყურადღებას, საქართველოსკენ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისკენ და საქართველოს ფეხბურთის ისტორიისკენ მიმართავდა... სათქმელი კი მართლაც რომ ბევრი გვაქვს.

საქართველო გასულ საუკუნეში დამოუკიდებელი ყოფილიყო, ქართული ფეხბურთის ზოგიერთი ლეგენდა, მაგალითად, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და სხვები, უპირობოდ გასცდებოდნენ ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ რუსული ჩექმის ქვეშ ვიყავით დატანილი. სსრკ-ს დროს ქართველი ფეხბურთი, განსაკუთრებით, თბილისის "დინამო", ყველასგან გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, რომ "დინამო თბილისი" ქართველი ხალხის იდენტობას წარმოადგენდა, მაგრამ იმჟამინდელი ფეხბურთელები ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, იძულებულნი იყვნენ ჩრდილში დარჩენილიყვნენ.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, გვყავდა არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ასეთები იყვნენ: გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, კახა კალაძე და ა.შ., მაგრამ ქართულმა ფეხბურთმა ვეღარ შეძლო ფეხის აწყობა მსოფლიოსთვის, რადგან მაშინ როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირის მარწუხებს ვებრძოდით, ფეხბურთი მკვეთრად წინ წავიდა და განვითარდა, ამიტომ გაგვიჭირდა დავწეოდით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ტემპს.

რაც შეეხება ხვიჩას თაობას, ქართველებს გვყავს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად: გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე და ა.შ. და სწორად განვითარების შემთხვევაში, მათ დიდი მომავალი ელით.

ხვიჩა კვარაცხელია, მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად, შესაძლოა გახდეს და ვგონებ უკვე კიდეც გახდა, ყინულმჭრელი ამ სიტუაციაში. მასში ბევრი ხედავს ქართული ფეხბურთის ხსნას, სწრაფი მოქმედების ელჩს, რომელსაც შეუძლია კუთვნილი და ღირსეული ყურადღება და პატივი დაუბრუნოს ქართულ ფეხბურთს და საქართველოს, ოქროს საწმისის, პირველი ევროპელების, სამგვარი დამწერლობის, რვაათასწლოვანი ღვინის კულტურის სამშობლოს და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანას.

იხილეთ ასევე: