ავტორი:

ღარიბაშვილმა ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრი და სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა - ფოტოები პრემიერის ოფიციალური გვერდიდან

ღარიბაშვილმა ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრი და სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა - ფოტოები პრემიერის ოფიციალური გვერდიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრში - ASAN Service-ში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.

ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში.

ეს ქარხანა აწარმოებს 100-მდე სახეობის პროდუქტს, წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70,000 ტონა ხილს და ყოველწლიურად აწარმოებს 210,000 ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში.