ავტორი:

"მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა - თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება" - კალაძე

"მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა - თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება" - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ ლანდშაფტური სივრცის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა, რაზეც მისი უწყება თანხმობის გაცემას აპირებს.

როგორც კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერი მოეწყობა.

"მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან დედაქალაქის მერიაში შემოსული იყო წერილი პირველი კლასის მშენებლობაზე. ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. მომდევნო დღეების განმავლობაში ამას განვიხილავთ და შესაბამისი პასუხი იქნება დაბრუნებული. საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ადმინისტრაციის წინ დაწყებულ სამუშაოებს ხვალ დაგეგმილ აქციებს უკავშირებს, კალაძე ამბობს, რომ ეს მანიპულაციაა.

"ყოველთვის ხდება ხოლმე ამგვარი თემებით მანიპულაცია. მახსოვს, როდესაც პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება დაივიწყეთ, იგივე განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს. კონკრეტული სივრცის მოწესრიგება-გალამაზება ხდება და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ, ეს რაღაცასთან დააკავშირონ. თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმიტომ, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.