ავტორი:

უკრაინის საჰაერო შეტევები რუსულ პოზიციებზე, ოკუპანტების თავდასხმების მოგერიების პარალელურად - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინის საჰაერო შეტევები რუსულ პოზიციებზე, ოკუპანტების თავდასხმების მოგერიების პარალელურად - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 26 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა. გენშტაბის ინფორმაციით, ეს-300 ტიპის რაკეტები მოხვდა 2 საცხოვრებელ სახლს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ქალაქ ზაპოროჟიეში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეში დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 58 შეტევა. გენერალური შტაბის თანახმად, სასტიკი ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში, სადაც ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი იერიში.

"ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ექვს პოზიციას დაარტყეს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მთელი დღის განმავლობაში კიდევ 11 დაარტყმა განახორციელეს მათი მიმართულებით.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 9 აპრილის 18:00 საათის მონაცემებშია აღნიშნული.

2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 178 150 რუსი აგრესორი გაანადგურეს, მათ შორის 470 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღის განმავლობაში.