ავტორი:

"მოსკოვი, შესაძლოა, შეეცადოს, აღდგომის დღესასწაული უკრაინის კონტრშეტევის გადადებისთვის გამოიყენოს" - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი"

"მოსკოვი, შესაძლოა, შეეცადოს, აღდგომის დღესასწაული უკრაინის კონტრშეტევის გადადებისთვის გამოიყენოს" - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი"

მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების გზით, უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს, - ამის შესახებ ამერიკის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

"კრემლი შერჩევით მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ რელიგიური დღესასწაულების დროს, რათა გავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე. მაგალითად, კრემლმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე 2022 წლის მართლმადიდებლური აღდგომის დროს იმისთვის, რომ მარიუპოლის ბრძოლის დროს "კიევის ნაციონალისტებისთვის“ შესვენების საშუალება არ მიეცა. კრემლმა, სავარაუდოდ, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან რუსული ძალები იმ დროს ფრონტზე ინიციატივას არ ფლობდნენ, მაგრამ შეეცადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას რამდენიმე თვის შემდეგ, მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის დროს, რათა მიეღო დამატებითი დრო რუსული ძალების ზამთრის შეტევისთვის მოსამზადებლად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, კრემლმა, შეიძლება, სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს, რადგან ასეთი პაუზა არაპროპორციულად სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და საშუალებას მისცემს მათ უზრუნველყონ თავიანთი მიღწევები ბახმუტში და უკრაინის 2023 წლის გაზაფხულის კონტრშეტევისგან თავის დასაცავად მოემზადონ.