ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."

ტელეგრამ-არხი "მობილიზაცია" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც არაღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მობილიზებულ რუს სამხედროებს ეჩხუბება.

როგორც ირკვევა, მამაკაცებს წინასწარ ჩამოართვეს დოკუმენტები და მიჰყავთ ლუგანსკში, ფრონტის ხაზზე, რასაც ისინი აპროტესტებენ. ბიბილოვი მათ უმტკიცებს, რომ ისინი სამხედრო პოლიგონზე მიჰყავთ. კადრში ისმის ერთ-ერთი მობილიზებულის სიტყვები, რომ მას ახლახან ბახმუტთან დაეღუპა ძმა და მისი მშობლები ვერ გადაიტანენ ინფორმაციას, რომ მასაც იგივე მიმართულებაზე აგზავნიან... ბიბილოვი ხმამაღალ ტონში პასუხობს და ამბობს, - ყველაფერი ინდივიდუალურად კეთდებაო.

"თქვენ არცხვენთ რუსეთს. მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ, ჩემი ბოლო თანამდებობა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ თქვენთან ერთად ვარ... ხვდებით, გესმით, რა ნაბიჯს დგამთ. თავით უნდა იფიქროთ, როგორ შეხედავთ იმათ თვალში, ვინც ახლა იბრძვიან", - ყვირის ბიბილოვი კადრებში.

კადრებში ისმის ამბოხებულთა ხმები, ისინი ბიბილოვის განცხადებას აპროტესტებენ. ის მათ არწმუნებს, რომ ფრონტის ხაზზე კი არ აგზავნიან, არამედ სამხედრო პოლიგონზე, რომელიც ლუგანსკის ტერიტორიაზეა. მობილიზებულები ამბობენ, რომ მათ იარაღიც კი არ აქვთ. ბიბილოვი ამბობს, რომ მათ აქვთ მოფიქრების დრო, წავიდნენ და იბრძოლონ სამშობლოსთვის, თუ დეზერტირებად იქცნენ. კადრში ისმის ერთ-ერთი მობილიზებულის ხმა: "ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ და არასად მივდივართ!"