ავტორი:

რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?

რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ  - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?
  • დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები გატაცებული იყვნენ ფოტოგრაფიით, ფოტო აღებულია მათი სოცქსელიდან

ნიჟნი ტაგილში, "ურალვაგონზავოდის" (ქარხანა რუსეთში) ახალგაზრდა თანამშრომლები - ცოლ-ქმარი - დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები დააკავეს. FSB-მ 4 აპრილს გამოაცხადა, რომ ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მანამდე ურალში ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი კიდევ ერთ "ჯაშუშურ საქმეზე“ დააკავეს. როგორც BBC-მ გაარკვია, მუხამეტოვები იმ დროისთვის უკვე გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ.

  • რატომ დააკავეს მუხამეტოვები?

22 მარტს, FSB-მ ნიჟნი ტაგილის მკვიდრი ვიქტორია მუხამეტოვა და მისი მეუღლე დანილ მუხამეტოვი პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს. კაცმა ტელეფონით დედას დაურეკა, უთხრა, რომ "ცოცხალი და ჯანმრთელი იყო" და სთხოვა, მიეტანა საჭირო ნივთები და სიგარეტი - ოღონდ არა წინასწარი დაკავების იზოლატორში, არამედ დაკავების სპეციალურ ცენტრში.

BBC-მ დაადგინა, რომ მუხამეტოვები სასამართლოს გადაწყვეტილებით არა ჯაშუშობის, არამედ ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს.

დოკუმენტების თანახმად, 22 მარტის საღამოს, თითქოს ახალგაზრდებმა ეკატერინბურგის ცენტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე (რეგიონული FSB-ის შენობიდან ორი წუთის სავალზე) უხამსი სიტყვები გამოიყენეს, მათ გარდა იქ კიდევ ერთი ადამიანი - FSB-ს დეტექტივი იდგა. სწორედ მან დაწერა მოხსენება ცოლ-ქმრის "ხულიგნური ქმედების“ შესახებ. მეორე დღეს ეკატერინბურგის სასამართლომ მათ "წვრილმანი ხულიგნობისთვის“, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

29 მარტს, FSB-მ ეკატერინბურგში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავა, რომელიც იქ მივლინებით იმყოფებოდა. გერშკოვიჩი მოსკოვში, ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ნიჟნი ტაგილში წყვილის დაკავების ვიდეო FSB-მ მხოლოდ 4 აპრილს გაავრცელა. იმ დროისთვის მუხამეტოვების ადმინისტრაციული დაკავების ვადა უკვე გასული იყო. მაგრამ ისინი კვლავ საპატიმროში რჩებოდნენ. ვიქტორიას დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი და სიძე მას შემდეგ ეკატერინბურგში იმყოფებიან.

მარტში WSJ-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ფოტოგრაფ პატრიკ უეკთან ერთად ნიჟნი ტაგილს ეწვია. მათ ურალი 19 მარტს დატოვეს - ორი დღის შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებმა მუხამეტოვები დააკავეს. ახლა მათ ისევე, როგორც გერშკოვიჩს, ბრალი ედებათ ჯაშუშობაში, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საწარმოს საქმიანობასთან.

წყვილი ნამდვილად მუშაობს ნიჟნი ტაგილში "ურალვაგონზავოდში" - ქარხანა ტანკებს აწარმოებს. კონკრეტულად რას ედავებიან ცოლ-ქმარსა და ჟურნალისტს, დეტალები არ ვრცელდება. გერშკოვიჩი და მისი კოლეგები უარყოფენ ყველა ბრალდებას და აღნიშნავენ, რომ WSJ-ის კორესპონდენტი ურალში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. პატრიკ უეკმა BBC-ს განუცხადა, რომ მუხამეტოვების შესახებ არ სმენია და არც მათი დაკავების შესახებ იცის.

ურალის "ჯაშუშობის საქმეებში“ სამ ბრალდებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • რა არის ცნობილი მუხამეტოვების შესახებ

FSB-ის ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, 22 მარტს არის გადაღებული, უსაფრთხოების ძალები მუხამეტოვს სახლის შესასვლელთან ხელბორკილებს ადებენ და შემდეგ ბინაში დაკავებულთან ერთად შედიან. FSB-ს მტკიცებით, წყვილმა აღიარა, რომ ფოტოები უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცეს და ამისთვის 100 000 რუბლი (2700 ლარი) აიღეს.

31 წლის დანილ მუხამეტოვი 2014 წლიდან მუშაობს "ურალვაგონზავოდში" ინჟინრად, ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სამუშაო აპლიკაციის, მისი მოვალეობებისა და საწარმოს შენობის ფოტოებს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, VKontakte-ს საკუთარ გვერდზე, მუხამეტოვმა გამოაქვეყნა "ურალვაგონზავოდის" პერსონალის სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის ფოტო, რომელშიც მითითებულია მისი პოზიცია.

მუხამეტოვი სწავლობდა ურალის ფედერალურ უნივერსიტეტში სპეციალური მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით და, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დამატებითი განათლება მიიღო ურალის ეკონომიკურ უნივერსიტეტში.

მუხამეტოვი და მისი მეუღლე ფოტოგრაფობდნენ, BBC-მაც აღმოაჩინა რამდენიმე რეკლამა, რომლებიც საზოგადოებას მათ მომსახურებას სთავაზობდნენ. არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების ძალებმა მათი ფოტოგრაფიული აღჭურვილობა "ჯაშუშურ აღჭურვილობად“ მიიჩნიონ.

23 წლის ვიქტორია მუხამეტოვა ასევე მუშაობდა UVZ-ში - "ოპერატორად". მისი სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ ქმარივით, UVZ-ში მუშაობის გარდა, მასაც უყვარდა ფოტოგრაფია. ვიქტორიას დედის თქმით, დაკავებულ ქალიშვილთან სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი მუშაობს. ”მე არ შემიძლია მისთვის ადვოკატის მოძებნა”, - განმარტა ქალმა. დედამ მედიიდან შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი და სიძე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

ადგილობრივი გამოცემა Tagilcity.ru ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცეს "ურალვაგონზავოდის" დოკუმენტაციის ასლები.

ბი-ბი-სიმ გაარკვია, რომ 23 მარტამდე, სვერდლოვსკის ოლქის სასამართლოების ვებსაიტებზე არ გამოქვეყნებულა რაიმე საქმე მუხამეტოვების ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

წყარო