ავტორი:

"უკეთესობისკენ შეცვლის უნარი არა მითი, არამედ რეალობაა, თუ გავაცნობიერებთ,  რას ვირჩევთ დღეს, ხვალ და ყოველ შემდეგ დღეს"

"უკეთესობისკენ შეცვლის უნარი არა მითი, არამედ რეალობაა, თუ გავაცნობიერებთ,  რას ვირჩევთ დღეს, ხვალ და ყოველ შემდეგ დღეს"

ნებისმიერი მხატვრული ტექსტი, გამოწვევაა, რომელიც, კონკრეტულ სიტუაციაში ჩამოყალიბდა. მწერალი, ავტორი კი ამ გამოწვევის იმგვარ კონსტრუირებას ახდებს და ქმნის ნაწარმოებს, რომლის გაცნობა მკითხველს ეხმარება მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, განვლილი ცხოვრების გააზრებასა და გადაფასებაში, საკუთარი „მე“-ს პოვნასა და აზროვნების ჩამოყალიბებაში. რომ აღარაფერი ვთქვათ, წონასწორობის წერტილისა და სულიერი სიმშვიდის პოვნაში. ასეთია თეიმურაზ ჭუმბურიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, რომელიც ფანტაზიების რეალობად ქცევის მოტივაციას უჩენს მკითხველს და როგორც მწერალი თეიმურაზ ჭუმბურიძე ეუბნება მკითხველს თავის ნაწარმოებში „ტაქსი თეთრი არ იყო“ - „შენ მეტი ხარ, ვიდრე ფანტაზია, რადგან შენ რეალობა ხარ! შენზეა დამოკიდებული, აქცევ თუ არა რეალობას ფანტაზიებს“.

თუმცა, ლიტერატურული ნაწარმოების დანიშნულება ერთმნიშვნელოვანი არასოდეს არის. როგორც თეიმურაზ ჭუმბურიძის შემოქმედებაში, როგორც პროზაულ ისე პოეტურში, „მე“-ს ძიებაში ავტორი გვაჩვენებს, რომ მარადიულობის განცდასთან ერთად შეიძლება ადამიანი არარაობა იყოს ან, შესაძლოა, ასეთად იქცეს. ეს უკანასკნელი კი ნაწილია იმ ცოდნის, რომელსაც ავტორს, ფსიქოლოგიის ცოდნიდან მოაქვს და მთელი ეს ცოდნა განფენილია მის პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებში. მისი შემოქმედების გაცნობისას, სრულიად გასაგები ხდება ემოციის დინამიკურობის უნარი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ კათარზისამდე.

თეიმურაზ ჭუმბურიძე ცნობილი ქართველი მწერალია, ფილოლოგი, ფსიქოლოგი. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრი და აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი.

როგორც ლიტერატურულ ისე საზოგადოებრივ პროცესებთან კავშირი არასოდეს შეუწყვეტია. გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ის 20-წელზე მეტია მუშაობს სხვადასხვა გამოცემებში, როგორც ლიტერატურული რედაქტორი, ჟურნალისტი, სცენარის ავტორი, არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი. მიღებული აქვს ეროვნული ჯილდო „ოქროს პერგამენტი“, ასევე, ლიტერატურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მწერალთა კავშირის ჯილდო, პროექტისთვის „ოქროს ფონდი“ და ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობისათვის არაერთი მადლობის სიგელი თუ დიპლომი.

„აქაც და იქაც“ თეიმურაზ ჭუმბურიძის პირველი პოეტური კრებულია, რომელსაც მკითხველი 2020 წელს ელოდა, თუმცა პანდემიის გამო შეფერხდა და 2021 წელს გამოვიდა. მწერალი ფილოსოფიურ პოეზიაში გვეპატიჟება, რომლის მეგზური თავად არის და სამყაროს გააზრებას პოეტური ხერხებით გვთავაზობს. რა არის ბედნიერება? სად არის ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის? სამშობლოს გააზრება და სხვა უამრავი საკითხი თუ პრობლემა, რომელიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს. „ცხოვრება მშვენიერია, რადგან რაც სამუდამოდ დაკარგული გგონია, შეგიძლია კვლავ იპოვო“, - ამბობს მწერალი ლექსში „ცხოვრება მშვენიერია“ და გიბიძგებს იპოვო ის, რაც ცხოვრების მშვენიერებას გაგრნობინებს.

2022 წელს თეიმურაზ ჭუმბურიძის შემოქმედება კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - მისი პროზაში გამოჩენა სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან ლიტერატურისმოყვარულებს მისი არაერთი მოთხრობა, ნოველა და ჩანახატი წაუკითხავს. ფსიქოლოგიური დრამა „ტაქსი თეთრი არ იყო“ ადამიანის გარდასახვის, პრობლემიდან თავისდაღწევისა და გარედან დანახული საკუთარი „მე“-ს ფიქსაციას ემსახურება.

და მაინც, შესწევს თუ არა ადამიანს სამყაროს ან საკუთარი „მე“-ს უკეთესობისკენ შეცვლის უნარი? ამ შეკითხვაზე პასუხი და სამომავლო გეგმების შესახებ თავად ავტორისგან მინდოდა მომესმინა, რადგან მის შემოქმედებას სწორედ ეს პათოსი გასდევს. „უკეთესობისკენ შეცვლის უნარი არ არის მითი, არამედ რეალობაა, რომელიც ბევრ სიკეთეს ჰპირდება საზოგადოებას. რა თქმა უნდა, თუ დავიწყებთ გაცნობიერებას, თუ რომელ მიმართულებას ვირჩევთ დღეს, ხვალ და ყოველ შემდეგ დღე“,- მითხრა ინტერვიუს დროს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ უპირველესად თავისი წიგნების ინგლისურ ენაზე თარგმნას გეგმავს და ახლა მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლობებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მუშაობს ახალ პროზაულ ნაწარმოებზე „სამშობლო შორიდან“, რომლის გამოცემას ქართულ და ინგლისურ ენაზე გეგმავს.

„ბევრს ვმოგზაურობ, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც საქართველოდან ბევრი ემიგრანტია. დიდ დროს მათთან ვატარებ. ვესაუბრები. გასაოცარია, მათი ხედვები, ბევრი შეწყვეტილი ისტორიაა, დრამატული. ბევრი ახალი და პოზიტიური, მაგრამ ყველაზე მთავარი, შორიდან დანახული სამშობლოა. ეს იქნება სხვადასხვა ისტორიები, სხვადასხვა ემოციებით და ამ ემოციური ამბივალენტობის ფონზე დანახული და აღწერილი სამშობლო შორიდან“,- მითხრა მწერალმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

თეიმურაზ ჭუმბურიძის შემოქმედებითი ხედვები გამორჩეულია და უპირობოდ დასაფასებელი ქართული მწერლობის ისტორიაში. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა კულტურულ-სახელოვნებო სფეროში, მისი შემოქმედება, ღრმა ინტელექტი და სტილის უკიდურესი დახვეწილობა, მას წარმოგვიდგენს, როგორც არსობრივ მოაზროვნეს.

ერთი თვის წინ თეიმურაზ ჭუმბურიძის მესამე წიგნი „სიძულვილის აფეთქება გამოვიდა“, თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა.

ავტორი: გელა კალანდაძე