ავტორი:

უკრაინელებმა მტრის 52 შეტევა მოიგერიეს, რუსების ვერტმფრენი და 9 დრონი გაანადგურეს - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკრაინელებმა მტრის 52 შეტევა მოიგერიეს, რუსების ვერტმფრენი და 9 დრონი გაანადგურეს - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე. ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და ცდილობს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლა გრძელდება. სასტიკი ბრძოლები გრძელდება ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვისაც.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა. ამასთან, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი "მი-24“ ტიპის ვერტმფრენი, ასევე 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

"თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიას და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.