ავიამზიდი "ბაირაქტარებისთვის" - თურქეთს დრონებისთვის მსოფლიოში პირველი ავიამზიდი ეყოლება
10 აპრილს, მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა, რადგან არსენალში გამოჩნდება შეიარაღების აბსოლუტურად ახალი სახეობა - დრონების ავიამზიდი...
და ეს სიახლე გააძლიერებს არა, ვთქვათ, აშშ-ისა თუ ჩინეთის, არამედ - საქართველოს უშუალო მეზობლის - თურქეთის სამხედრო შესაძლებლობებს ზღვებზე.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი დაესწრო უნივერსალური სადესანტო ხომალდის, იგივე მსუბუქი ავიამზიდის TCG Anadolu (L-400) -ის ოფიციალურ მიღებას თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში.

ეს თურქი ადმირალებისთვის საერთოდ პირველი ავიამზიდის კლასის ხომალდია, ხოლო მსოფლიოსთვის ასევე პირველი მსუბუქი კლასის ავიამზიდი, რომელიც ძირითადად დრონებისთვის - დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატების ზღვაში ბაზირებისთვის და მისი გემბანიდან აფრენა-დაფრენისთვის იქნება განკუთვნილი.
თურქები სწორედ ამერიკული F-35B -სთვის ამზადებდნენ მომავალ "ანადოლუს", რისთვისაც მის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს - გემბანის ასაფრენი ზოლის ბოლოში ტრამპლინი დაუმატეს, რათა F-35B მცირე გარბენის შემდეგ ჰაერში აჭრილიყო, ხოლო თავად გემბანის ზედაპირი გააძლიერეს, რომ უკან დაბრუნებულ F-35B-ს შვეულად დაშვება შესძლებოდა და მისი ძლიერი ძრავის მოსატრიალებელი საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ცეცხლის ჭავლს გემბანის ზედაპირი არ დაეზიანებინა.]

თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა და თურქი პილოტები აშშ-ში ემზადებოდნენ F-35-ზე საფრენად, მაგრამ 2016 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, ყველაფერი შეიცვალა - ერდოღანი უფრო პუტინისკენ შეტრიალდა და მას რუსული თანამედროვე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვა სთხოვა...
კრემლმაც არ დაახანა და დიდი კრედიტიც კი გამოუყო თურქებს C-400-ების შესაძენად. ამ გარიგებით რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შეიძლება იმხელა მოგება ვერ ნახა, რასაც ელოდა, მაგრამ სამაგიეროდ, დიდად მოიგო პუტინმა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა შიდაუთანხმოება ნატოს რიგებში - თურქეთსა და აშშ-ს, ასევე - ევროპულ ქვეყნებთან.
ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაში ვერანაირად ვერ ჩაეწერებოდა რუსული C-400-ები და თანაალიანსელები კულუარულად სთხოვდნენ ერდოღანს, ხელი აეღო რუსული საზენიტო სისტემების შესყიდვაზე.

მანამდე დასავლეთის ზეწოლას ერდოღანი ერთხელ უკვე დაჰყაბულდა, როდესაც თურქეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემამ (საბჭოთა/რუსული C-300-ის ჩინური კლონი) გაიმარჯვა, ძირითადად, სიიაფის წყალობით, მაგრამ ამერიკელების თხოვნა-მოთხოვნით, მაშინ ერდოღანის ხელისუფლებამ ეს ტენდერი გააუქმა.
მაგრამ იმავე დათმობაზე ერდოღანი 2016 წლის შემდეგ ვეღარ წავიდოდა, რადგან ის თვლის, რომ სამხედრო აჯანყების მცდელობაში მის მთავარ ოპონენტს - გიულენს (რომელიც აშშ-ს აფარებს თავს) შეიძლება, სწორედ ამერიკული სპეცსამსახურებიც ეხმარებოდნენ... გააგრძელეთ კითხვა