ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?

მსოფლიო ელოდება მომენტს, როცა უკრაინა თავდაცვის რეჟიმიდან კონტრშეტევაზე გადავა.

"უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ჯერ კიდევ მარტში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა. მისივე თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება და შესაბამისი დროის და მეტეოროლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით განხორციელდება.

რეზნიკოვმა ისაუბრა იმაზეც, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ფრონტზე მოკავშირეებისგან გადაცემული "ლეოპარდის“ ტანკების გამოყენება.

"მათ ("ლეოპარდის" ტანკებს) ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ", - თქვა რეზნიკოვმა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ რამდენიმე დღის წინ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ თითქოს ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის თაობაზე საუბრისას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება... თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი განმარტებით, ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მიიღებს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ambebi.ge-სთან კონტრშეტევის აუცილებლობასა და მის რამდენიმე სავარაუდო მიმართულებაზე საუბრობს:

- უკრაინის მხრიდან შესაძლო კონტრიერიშების დაწყების აჟიოტაჟი დიდი ხანია გრძელდება და მიმაჩნია, რომ ეს აზიანებს უკრაინის ინტერესებს... შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, როდის და რა მიმართულებით დაიწყება კონკრეტული სამხედრო ოპერაცია. აქ შეიძლება მხოლოდ პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს იმ ანალიზის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა დადასტურებული ფაქტები. ის, რომ უკრაინის არმია ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრიერიშის დასაწყებად, ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:

1. შეიარაღების იმ კონკრეტული სახეობებიდან ბევრი მათგანი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთი გადასცემს უკრაინას, განკუთვნილია სწორედ შეტევითი და არა თავდაცვითი ბრძოლებისთვის.

2. უზარმაზარი თანხა, რაც ომის 13 თვის განმავლობაში ჩადო იმავე დასავლეთმა (სამხედრო-ეკონომიკური დახმარება), უკვე მოითხოვს გარკვეული შედეგის დადებას უკრაინის მხრიდან, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთ ამომრჩეველს დაანახონ, რომ გადასახადის გადამხდელების თანხები წყალში არ გადაყრილა და უკრაინის არმია შეტევაზე გადავიდა დეოკუპაციის დასაწყებად.

3. მთავარი ისაა, რომ თვითონ უკრაინის მოსახლეობაც ამდენი დაუნდობელი დაბომბვისა და ფრონტის ხაზზე ახლობლების დაღუპვის შემდეგ, ელოდება, რომ რაღაც შეიცვლება და რომ უკვე უკრაინა დაიწყებს შეტევას. ეს ყველაფერი თეორიულად იმაზე მეტყველებს, რომ შეტევა აუცილებლად უნდა დაიწყოს.

- რაც შეეხება დროსა და მიმართულებას, რაზეა ეს დამოკიდებული?

- წვიმების სეზონი თუ არ დასრულდა და ნიადაგი არ გამოშრა (რაც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი, შესაძლოა - გვიანაც), მანამდე მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყება, გამართლებული არ იქნება - მძიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილების სიჩქარე ტალახში მცირე იქნება, ან შეიძლება ტანკი საერთოდაც ჩაეფლოს. ძირითადად მანევრირებადი უნდა იყოს ჯავშანსატანკო პატარა ჯგუფები, რომლებიც მოწინააღმდეგეს სხვადასხვა მხრიდან შეუტევენ. ამიტომაც მათ სჭირდებათ სივრცე, რათა გაიშალონ მინდორზე და სხვადასხვა გზიდან შეუტიონ, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს, სავარაუდოდ, დანაღმული ექნებათ. მიმართულებას რაც შეეხება, ფრონტის ხაზზე, რომელიც 800 კმ-ზეა გადაჭიმული, არის რამდენიმე ცხელი წერტილი: ჩრდილოეთში სვიატოვო-კრემენნოეს მონაკვეთი, უფრო ქვემოთ ბახმუტი და შემდეგ მოდის ავდიევკა, უგლედარი, უკვე ხერსონის მიმართულებით - ნოვოე კახოვკა. კონტრიერიში შეიძლება ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს, მაგრამ იქიდან რომელი იქნება მთავარი მიმართულება, ესაა მნიშვნელოვანი და მოწინააღმდეგემ არ უნდა გამოიცნოს. საერთოდ, მოჩვენებითი შეტევები თითქმის ერთდროულად ხდება, მოწინააღმდეგემ შეიძლება გადაანაწილოს ძალები და თუ ის მიხვდა, სადაა ჩაფიქრებული მთავარი შეტევის მიმართულება, რა თქმა უნდა, იქ გააძლიერებს დაცვას. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი გაჭრა იქნება ზაპოროჟიეს მხრიდან მელიტოპოლი-ბერდიანსკის მიმართულებაზე (იმ საგზაო კომუნიკაციის გადასაჭრელად, რომელიც რუსეთის როსტოვის ოლქს აზოვის ზღვის გასწვრივ მიმდინარე მაგისტრალებით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს), რის შედეგადაც, უკრაინელები, ფაქტობრივად, შუაში გაწყვეტდნენ საოკუპაციო ძალებს და შემდეგ შეძლებდნენ გასვლას ყირიმის "ყელთან“, რომლითაც ის მატერიკულ უკრაინას უკავშირდება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარემაც იცის, ის იღებს ინფორმაციას. კოსმოსიდან გადაღებულ სადაზვრევო ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები მოაწყეს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ნოვაია კახოვკასთან, უგლედართან, ასევე, ყირიმის გადასასვლელ ყელზე - არმიანსკის მიდამოებში, ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს გასწვრივ (ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, რკინა-ბეტონის პირამიდები და სხვა). რუსეთი, რა თქმა უნდა, დანაღმავს ტანკსაშიშ მიმართულებებს, გარდა ამისა, შეტევაზე გადასულ უკრაინელებს დაემუქრება რუსეთის ავიაცია. ფაქტია, რომ რუსი ოკუპანტები, სამწუხაროდ, უფრო მეტ უპირატესობას ფლობენ ავიაციაში და ასევე, რუსეთის არტილერია ეცდება, რომ ეს კონტრიერიშები შეაჩეროს. ყირიმს რაც შეეხება, ასეთ დროს ძალების გაფანტვა არ არის სწორი, უკრაინას არ ეყოფა ძალები ყველა მიმართულებისთვის.

უკრაინას ექნება ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყების ერთი მთავარი მცდელობა და თუ ის ვერ განვითარდა და წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ძალიან გაჭირდება დამატებითი დახმარების მიღება დასავლეთიდან. ამიტომ სერიოზული კონტრშეტევის მომზადება-განხორციელებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.

- როგორც ამბობენ, კონტრშეტევის დროს ბრძოლის ველზე ახალი გერმანული "ლეოპარდები“ გამოჩნდება... საბრძოლო მასალის რესურსის მხრივ რუსეთის საქმე როგორაა?

- მთავარია, რომ ჩამოსული სამხედრო დახმარება - ჯავშანტექნიკა და დასავლეთში მომზადებული უკრაინელი მებრძოლების ცალკეული დანაყოფები და შენაერთებიც არ გაიბნეს, ერთად იყვნენ, კონტრიერიშში რომ ჩაერთონ. ეტყობა ასეც მოხდება - ახალ ძალებს, რომლებმაც დასავლეთში გაიარეს მომზადება, ჯერ უფრთხილდებიან და ბახმუტისა და ავდეევკის ბრძოლებში არ უშვებენ. პრობლემები, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს, ომის მე-14 თვე გრძელდება და ასეთი ინტენსიური საარტირელიო ბრძოლები, განსაკუთრებით რუსების მხრიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთს კი დარჩა სსრკ-ს დროინდელი უზარმაზარი საწყობები, მაგრამ გავიდა წლები, ზოგი განიავდა, ზოგი გაყიდეს, ტექნიკის უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა... ეს ომი გაძლებამდეა და გამოფიტვამდე, იქამდე, ვისი ეკონომიკაც უფრო "გაქაჩავს“ - რუსეთის, თუ უკრაინა-დასავლეთის. როგორც კი მეტეოპირობები გამოსწორდება, ალბათ უფრო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებიც წავა. აქ ერთი ნიუანსია - დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელება ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ აღმოაჩინოს - არსებობს თანამგზავრული დაზვერვა კოსმოსიდან, ათასობით დრონი, საჰაერო და აგენტურული დაზვერვა... ამასთანავე, დაზვერვასთან ერთად მოწინააღმდეგის შტაბიც კარგად თუ მუშაობს, ყველაფერს დროულად აღმოაჩენენ. დღეს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება მსოფლიოში, მით უფრო ამ ომში, თითქმის შეუძლებელია.

- აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, მათ შორის კონტრშეტევის გეგმებიც. ამბობენ, რომ ამის გამო უკრაინას გეგმების შეცვლამ მოუწია...

- პენტაგონთან დაკავშირებით არის რამდენიმე მოსაზრება:

1. რომ ეს მართლაც პენტაგონის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იყო, რომელიც რუსეთის დაზვერვამ მოიპარა და ნაწილ-ნაწილ ავრცელებს ინტერნეტ სივრცეში, რითაც აჩვენებს, რომ ამერიკის უსაფრთხოება ამ მხრივ არის სუსტი, ამასთანავე, რუსეთმა თითქოს გაიგო უკრაინა-ამერიკის მომავალი გეგმები იმავე კონტრიერიშებთან დაკავშირებით.

2. ეს არის თვითონ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ამით რუსეთი შეიყვანონ შეცდომაში.

3. ეს არც არავითარი საიდუმლო დოკუმენტები არ არის და ჰაკერების ერთი მორიგი თამაშია, ვინაიდან იმ დოკუმენტებში აღმოჩნდა გადაკეთებული მონაცემები - პირველ ვარიანტში თუ იყო რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია მაგალითად, რუსეთ-უკრაინის დანაკარგებზე, მეორეში ეს ციფრები უხეშად იყო შეცვლილი - უკრაინის დანაკარგი ბევრად გაზრდილია, რუსეთის - შემცირებული, რაც ირეალურია.