ავტორი:

"გადაიხადე რამდენიც გინდა" ფარგლებში შემოსული თანხა "პალიტრა L-მა" უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცის დავით რატიანის ოჯახს გადასცა

"გადაიხადე რამდენიც გინდა" ფარგლებში შემოსული თანხა "პალიტრა L-მა" უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცის დავით რატიანის ოჯახს გადასცა

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ – კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა „პალიტრა L-მა“ უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცის დავით რატიანის ოჯახს გადასცა.

კამპანია, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საჭირო აქტივობის განხორციელება და წიგნის პოპულარიზაციაა, „პალიტრა L-მა“ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რიგით მე-4 წიგნის აქცია კი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახთა მხარდასაჭერად ჩატარდა. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის თარიღი - 24 თებერვალი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს დაემთხვა, გამომცემლობამ წიგნი ომის თემატიკაზე შეარჩია და ვლადისლავ შპილმანის „პიანისტის“ შეძენით მკითხველს საშუალება მისცა, ჯარისკაცთა ოჯახების დასახმარებლად საკუთარი წვლილი შეეტანათ.

დავით რატიანის მეუღლეს ია შაშვიაშვილსა და შვილს - მარი რატიანს „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე შეხვდნენ და სიმბოლურ საჩუქრად წიგნებიც გადასცეს.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, საზოგადოებამ მხარდაჭერა ამ აქციით რომ გაგვიწია და მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ამისთვის. საერთოდ, თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და კარგი იქნება, ასეთი აქციები თუ გაგრძელდება“, - აღნიშნა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის დავით რატიანის მეუღლემ ია შაშვიაშვილმა.

პალიტრა მედია ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის თქმით, შეხვედრა ყველასთვის ემოციური და ამაღელვებელი იყო.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან მცირედი ჟესტით გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და მადლიერება ამ ოჯახის მიმართ. აქციის მთავარი მიზანი სწორედ უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახის დახმარება იყო“, - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.

გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინაში დაღუპულთა ოჯახები გრძნობდნენ, რომ მათ აფასებენ და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს საზოგადოება ხედავს.

„უპირველეს ყოვლისა, აქციის მიზანი არის ის, რომ ჩვენ, საზოგადოება არ შევეჩვიოთ ამ მდგომარეობას, რომ სადღაც ვიღაც შეიძლება ომს ეწირებოდეს და ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებდეთ ცხოვრებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ოჯახებმა, რომელთაც უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს ამ ბრძოლაში, იგრძნონ, რომ ეს არ არის ფუჭი დანაკარგი და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. დავით რატიანის ოჯახში სამი არაჩვეულებრივი მოზარდია და მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი მამის სახელი უკვდავია და მათ ყოველთვის გაუნათებს გზას“, - განაცხადა მაია ალუდაურმა.

„პალიტრა L-ი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კამპანიას „გადაიხადე რამდენიც გინდა“, მომავალშიც გააგრძელებს, რაც მეორე მხრივ, წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.