ავტორი:

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს".

სტატია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებაზეა, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

  • სტატია იწყება საპენსიო ასაკის შვედეთის მოქალაქესთან სატელეფონო საუბრის აღწერით:

პირველ რიგში, გესმით სატელეფონო ზარი, რომელსაც ხანდაზმული ადამიანი პასუხობს.

მას უილიამ გრანტის სახელით ეცნობა მამაკაცი სავაჭრო ფირმიდან Solo Capitals-დან და ეუბნება, რომ კარგი წინადადება აქვს.

მოხუცი დაუცველად და დაბნეულად პასუხობს, რომ ეს არ აინტერესებს.

მაგრამ უილიამ გრანტი დაჟინებულად ამბობს, რომ მასთან ერთი კითხვა აქვს:

- გაინტერესებთ ფულის შოვნა?

შვედეთში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი იან ერიკი სადაცაა ისევ თაღლითობის მსხვერპლად იქცევა. ზარი ხორციელდება საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის Solo Capitals-ის ოფისიდან. ჩანაწერში რთულად მოსასმენია მოხუცი მამაკაცის აკანკალებული ხმა, რომელიც ამბობს, რომ მან უკვე დაკარგა მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით £ 80,000) თაღლითური სავაჭრო მაქინაციებით...

მაგრამ ვინმე გრანტმა ეს უკვე იცის. და მან იცის, რომ ეს პენსიონერს კარგ სამიზნედ აქცევს შემდგომი თაღლითური შეთავაზებისთვის, რომ მას შეუძლია დაიბრუნოს დაკარგული. ის ეუბნება ბატონ ერიკს, რომ თუ ის გადასცემს საბანკო ბარათის დეტალებს და გადაიხდის 250 ევროს დეპოზიტზე, Solo Capitals-ი გამოიყენებს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა თვალყური ადევნოს მის დაკარგულ თანხას და დააბრუნოს ის.

"ჩვენ შევძლებთ მთლიანი თანხის დაბრუნებას", - ეუბნება უილიამ გრანტი მოხუცს.

  • დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, პენსიონერი იწყებს საკრედიტო ბარათის დეტალების კარნახს

აუდიოჩანაწერი შეინახა კომპანიამ ფაილად, სახელით: "William Sweden scammed". BBC-მ ეს ფაილი ყოფილი თანამშრომლისგან მოიპოვა, მაგრამ კომპანიას არ უცდია მისი დამალვა. ფაქტობრივად, მან ის გადასცა ახალწვეულებს, როგორც კომპანიის სასწავლო პაკეტის ნაწილი...

ეს იყო გაკვეთილი თაღლითობის შესახებ.

ერთ წელზე მეტია, რაც BBC Eye ასობით საინვესტიციო ბრენდისგან შემდგარ თაღლითურ სავაჭრო ქსელს იკვლევს, რომლის მსხვერპლიც არაერთი ადამიანი გახდა. გამოძიება პირველად ადგენს თაღლითობის მასშტაბებს, ასევე იმ პირთა ვინაობას, ვინც მის უკან დგანან.

აღნიშნული ქსელი პოლიციისთვის Milton group-ის სახელით არის ცნობილი, რომელმაც ეს სახელწოდება 2020 წელს გააუქმა. გამოძიებამ დაადგინა 152 ბრენდი, მათ შორის Solo Capitals - ი, რომელიც თაღლითური ქსელის ნაწილია. ინვესტორებს მან ათასობით და ხშირ შემთხვევაში, ასობით ათასი ფუნტი სტერლინგი წაგლიჯა.

თავის დროზე, Milton Group-ის ერთ-ერთმა საინვესტიციო ბრენდმა უმაღლესი კლასის ესპანეთის საფეხბურთო კლუბი დააფინანსა და ქვეყნის მთავარ გაზეთებში რეკლამებს აქვეყნებდა, რაც პოტენციურ ინვესტორებში მის სანდოობას ზრდიდა.

გასული წლის ნოემბერში, BBC Eye მონაწილეობდა გერმანიისა და საქართველოს სამართალდამცავთა მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრებში განხორციელებულ რეიდებში.

კომპიუტერის ეკრანებზე ნათლად ჩანდა ბრიტანული ტელეფონის ნომრების რიგი. გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქესთან მოხდა დაკავშირება, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახლახან ჩადეს ფული ამგვარი შეთავაზებების შემდეგ. ერთ მაგიდაზე ხელით იყო ჩამოწერილი თაღლითების მსხვერპლთა სახელების სია და სასარგებლო დეტალები: "სახლის პატრონი, არანაირი პასუხისმგებლობა“, "დანაზოგი 50 ათასი ", " ბრიტანეთის მოქალაქე პოლონეთიდან “; "50 ათასი აქციები" და ა.შ.

მსხვერპლთა დიდი ნაწილი მას შემდეგ რეგისტრირდება, რაც სოციალურ ქსელში რეკლამას ხედავს. 48 საათის განმავლობაში მათ ურეკავენ ტელეფონზე და სთავაზობენ დღიურად 90%-იან მოგებას. ტელეფონის მეორე მხარეს, როგორც წესი, არის წარმომადგენელი ქოლ-ცენტრისა, რომელსაც ერთი შეხედვით, კანონიერი ბიზნესის ბევრი ატრიბუტი აქვს - თანამედროვე ოფისი, კადრების განყოფილებებით, ყოველთვიური ანაზღაურება ბონუსებით, მივლინების დღეები და კონკურსი, სადაც საუკეთესო ვლინდება. თუმცა არის ელემენტები, რასაც კანონიერ ბიზნესში თქვენ ვერ იპოვით - წერილობითი ინსტრუქციები, როგორ აღმოაჩინოთ პოტენციური ინვესტორების სისუსტეები და სწორედ ამ სისუსტეებით "ითამაშოთ" მათ წინააღმდეგ.

პირველი სატელეფონო ზარიდან მსხვერპლი შეიძლება გადაამისამართონ რეგულირებად კომპანიებთან ან ზოგჯერ არარეგულირებულ, ოფშორულ სუბიექტებთან. მსხვერპლთა ნაწილი, რომლებიც რეგისტრირდება Milton-ის ჯგუფში რეგულირებულ ბრენდებზე, თავისი ბროკერისგან იღებს მითითებას, გააფორმოს იმგვარი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კლიენტი კარგავს ფულს, რომელსაც გამოიმუშავებს ბროკერი, - ეს პრაქტიკა სრულიად უკანონოა გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებით. ზოგიერთ მსხვერპლს ევალება ჩამოტვირთონ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად აკონტროლონ მისი კომპიუტერი, რაც კიდევ ერთი უკანონობაა. Milton Group-ის ბრენდების ყოფილი თანამშრომლების თქმით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ისინი რეალურად ვაჭრობენ, მაგრამ ეს სიმულაციაა...

იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს თაღლითური სქემა, BBC -ს წარმომადგენელმა Milton ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმა Coinevo-ს თავი წარუდგინა, როგორც სისტემაში ჩართვის მსურველმა. ის დააკავშირეს კომპანიის მრჩეველ, ვინმე პატრიკთან, რომელმაც მას უთხრა, რომ შეეძლო ერთ დღეში 70%, 80% ან 90%-იანი მოგების მიღება. ვაჭრობის დასაწყებად კი დეპოზიტზე 500 დოლარის ბიტკოინის გაგზავნა მოსთხოვა.

BBC წერს, რომ პატრიკმა მოითხოვა ასევე პასპორტის ასლი. ყალბი ასლის მიწოდების შემდეგ, მათი ანგარიში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა, ვიდრე Coinevo-მ აღმოაჩინა თაღლითობა. იმ მომენტში პატრიკმა კონტაქტი მოულოდნელად გაწყვიტა.

თუმცა, BBC-ის დეპოზიტური ფული უკვე სისტემაში იყო. მათ შეეძლოთ მისთვის თვალ-ყურის დევნება, დადებული თანხა მცირე ნაწილებად დაიშალა და სხვადასხვა ბიტკოინ-საფულეში გადანაწილდა, თითოეული მათგანი Milton-ის სისტემასთან იყო კავშირში.

  • იდეალური სამიზნე

თაღლითები საკუთარი მსხვერპლების წინააღმდეგ იყენებენ მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას. ადამიანებს, რომლებიც ფლობენ გარკვეულ ქონებას, უბიძგებენ დიდი ინვესტიციების განხორციელებისკენ. თაღლითები მარტოხელა ადამიანებს უმეგობრდებიან და აიძულებენ მათ, გადადგან შემხვედრი ნაბიჯები...

"მათ ნამდვილად იციან, რას აკეთებენ და როგორ მუშაობს ეს ბაზარი“, - აცხადებს ერთ-ერთი მსხვერპლი ჯეინი.

"მე ნამდვილად გამიტაცა ფიქრმა იმის შესახებ, რომ ჩემი დანაზოგი დამატებით შემოსავალს მომიტანდა“. 2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა, რომ გაეღო 20 000 ფუნტი სტერლინგი, რათა დამატებითი სარგებელი მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანხა დღითიდღე იკლებდა, მას ბოლომდე სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მოგებას მიიღებდა...

საბოლოოდ, ჯეინმა თავისი საპენსიო დანაზოგი სრულად დაკარგა.

სპეციალურ ფილმში BBC-ი ასაჯაროვებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

სტატიაში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton Group-თან აკავშირებს. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ "მილტონ ჯგუფის" კომპანიები იყვნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

"ჩვენ დავიწყეთ კორპორატიული დოკუმენტების შესწავლა, სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ხუთი გვარ-სახელი "მილტონის" და მასთან დაკავშირებულ კომპანიათა დირექტორების სიაში: დავით თოდუა, რეატი ელიზე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბაენიამინი.

2016 წლის მასობრივად გაჟონილ ე.წ. "პანამის დოკუმენტებში", რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, მოვძებნეთ ეს 5 სახელი და გვარი. მათგან აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიამინი იყვნენ ნახსენები, როგორც დირექტორები ან ხელმძღვანელი ფიგურები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ოფშორული კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფებთან", - წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას 5 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრების მიტაცება ედებოდა ბრალად, თუმცა საქმის წარმოების დროს ის ლონდონში ცხოვრობდა.

როდესაც საქმე "მილტონის" ჯგუფს შეეხება, ვერ მოიძებნა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან პირდაპირ აკავშირებდა, თუმცა "პანამის დოკუმენტების" შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ფლობდა ან იყო ოფშორში დარეგისტრირებული არაერთი კომპანიის აქციონერი.

"Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.

დავით კეზერაშვილი ხშირად უწევს რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს სოციალური მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და "მილტონთან" დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.

"კეზერაშვილი "ფეისბუქში" მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია "მილტონის" ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, - ნათქვამია სტატიაში. წყარო

ასევე იხილეთ:

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა