ავტორი:

ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული

ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული

ფრანგულმა ვებგვერდმა Mediapart-მა გამოაქვეყნა 13 ქალის ჩვენება, რომლებიც მსახიობ ჟერარ დეპარდიეს შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

დეპარდიეს სავარაუდო მსხვერპლი ქალები ამბობენ, რომ მსახიობს ისინი ხელში აჰყავდა, ცდილობდა ხელები საცვლებში ჩაეყო და მათ მიმართ უხამს გამონათქვამებს იყენებდა.

ქალების თქმით, ეს ხდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების გადაღებების დროს, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში.

დეპარდიეს ადვოკატი გამოცემასთან ამბობს, რომ მსახიობი "ოფიციალურად უარყოფს ყველა ბრალდებას“.

ორი წლის წინ ფრანგმა პროკურორებმა დეპარდიეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ვარსკვლავი ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ფაქტი, სავარაუდოდ, 2018 წელს მოხდა. ამ ბრალდებებს დეპარდიე უარყოფს. საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი 2021 წელს წაუყენა. ფრანგი სამართალდამცავების თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

Mediapart-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ მსახიობი აგრესიული ხდებოდა უარის შემდეგ და დაჟინებით ცდილობდა ქალებისთვის მკერდზე, წელისა და დუნდულები არეში ხელის მოკიდებას.

ქალების ნაწილმა Mediapart-ს უთხრა, რომ დეპარდიეს საქციელი გადასაღებ მოედანზე დაუსჯელი რჩებოდა და გარშემომყოფების სიცილსაც კი იწვევდა.

"უფროსები უფლებას აძლევდნენ, მკერდზე მოეკიდა ჩემთვის ხელი ყველას თანდასწრებით“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი 17 წლის ასაკში გახდა.

Mediapart-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ დეპარდიეს წინააღმდეგ "ჯერ არ მიუღიათ რაიმე ახალი საჩივარი“.

  • რუსეთის მოქალაქეობა და ომის დაგმობა

ჟერარ დეპარდიე ახლა 74 წლის არის. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია, რომელმაც 180-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

ის ფრანგული კინოს სიმბოლოდ იქცა ისეთი როლების წყალობით, როგორებიცაა: ოლმო დალკო ბერტოლუჩის "მეოცე საუკუნეში“ და სირანო დე ბერჟერაკი ამავე სახელწოდების ფილმში (ამ უკანასკნელისთვის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოიპოვა და ნომინირებული იყო "ოსკარზე").

2013 წელს დეპარდიეს საქციელს აჟიოტაჟი მოჰყვა საფრანგეთში, როდესაც მან დატოვა ქვეყანა გაზრდილი გადასახადების გამო და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2013 წლის იანვარში ფრანგ მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, დეპარდიე ჩავიდა სარანსკში, სადაც მორდოვიის ხელმძღვანელობამ შესთავაზა ბინა. იმავე თვეში მას მიენიჭა "საპატიო უდმურტელის" წოდება.

2013 წლის თებერვალში ჟერარ დეპარდიემ ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვისგან მიიღო რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება და გროზნოს ცენტრში ხუთოთახიანი ბინის გასაღები.

მსახიობმა თქვა, რომ რუსეთი ძალიან უყვარს, მაგრამ ბელგიაში აპირებს ცხოვრებას. რუსული მედიის ცნობით, დეპარდიემ მართლმადიდებლობა მიიღო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დეპარდიემ დაგმო კრემლის ქმედებები და მას "გიჟური და მიუღებელი" უწოდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ რუსი ხალხი არ არის დამნაშავე მათი პრეზიდენტის საქციელში.

იხილეთ ასევე: