ავტორი:

"იმ მომენტში პოზიციების დაკარგვის უფრო შემეშინდა, ვიდრე სიცოცხლის..." - რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ბიჭი, რომელიც ახლახან მსოფლიო ჩემპიონი გახდა

"იმ მომენტში პოზიციების დაკარგვის უფრო შემეშინდა, ვიდრე სიცოცხლის..." - რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ბიჭი, რომელიც ახლახან მსოფლიო ჩემპიონი გახდა

"თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ სოხუმში დავბრუნდებით", - ასეთია 30 წლის ქართველი სპორტსმენის, მირო ვანაძის უკრაინაში ბრძოლის მოტივი. მირო გურიის ულამაზეს სოფელ ნასაკირალში ჩასახლებული ეკომიგრანტის ოჯახიდან გახლავთ. ბათუმში დაწყებული სპორტული კარიერა უკრაინაში გააგრძელა. ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველი სპორტსმენი ხუთწლიანი წარმატებული კარიერის - ზედიზედ მოგებული ბრძოლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. თუმცა გადაწყვიტა დარჩენილიყო და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ქართველების სახელით, უკრაინელების მხარდამხარ ებრძოლა. ასე ჩაეწერა "ქართული ლეგიონის“ რიგებში. ამ ცოტა ხნის წინ, ლვოვში შერეულ ორთაბრძოლებში (mma) მსოფლიო გლობალური საბრძოლო ჩემპიონატი (WGFC) გაიმართა, სადაც ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

  • გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომში, ხერსონთან გმირულად დაღუპული ლანჩხუთელი მეგობრის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ხსოვნას მიუძღვნა.

მირო ვანაძე:

- როდესაც რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, გადავწყვიტე, აქ დავრჩენილიყავი და რუსული იპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შემეტანა, როგორც რიგით ქართველს. ამ ომში ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს, ვიცავთ ქართულ ინტერესებს. დღემდე მაქვს შენახული ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი ოპერაციიდან კიევში დაბრუნებისას გადავიღე.

მირო და ჯაბა

ვიდეოში ჯაბა ხოფერია მღერის "აფხაზეთი საქართველო არის“, მე ვეკითხები, - ჯაბა, აქედან აფხაზეთში წავალთ-მეთქი? ჯაბა კი მპასუხობს, - "აფხაზეთი საქართველო არის“. ამ ოცნებას, ამ იდეას შეეწირნენ ძალიან მაგარი ბიჭები. ჯაბა ხოფერია იყო ჩემი უახლოესი მეგობარი უკრაინაში. ორი წელი ერთად ვცხოვრობდით კიევში, ნაქირავებ ბინაში. ყველაზე ახლო ადამიანი იყო. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი. ეს ადამიანი იყო შეპყრობილი პატრიოტიზმით, ძალიან უყვარდა სამშობლო, დიდი პატრიოტი გმირი დავკარგეთ.

გარდაცვლილი მეგობრის მამასთან - არჩილ ხოფერიასთან ერთად

ჯაბას ბიძა აფხაზეთში დაიღუპა, მისი მამა ახლა ჩვენს გვერდით იბრძვის. უკრაინაში ბევრი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი იბრძვის. მათ, უბრალოდ, სახლში დაბრუნება უნდათ. ზოგჯერ მეცინება, ზოგჯერ კი გულის ტკივილს ვგრძნობ იმის გამო, ჩვენზე რომ ამბობენ, - დაქირავებული "ბოევიკები“ არიანო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ხომ დაღუპულთა დედების შეურაცხყოფაა, რომლებიც შვილებს დასტირიან...

- როგორი განწყობა და მოლოდინები იყო უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში?

- ჭორად სულ დადიოდა ამბები, რომ რუსები უკრაინაში შემოჭრას აპირებდნენ. მერე გავიგეთ საზღვრებთან წვრთნები დაიწყო და ომის დაწყების მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდა. გაცნობიერებული მქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.

- თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე კრიტიკული მომენტი, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედეთ?

- ასეთი მომენტები აქ ხშირია, თუმცა ერთს გამოვყოფდი - ირპენში ვიყავით, ჩვენს პოზიციებს მსხვილკალიბრიანი იარაღით შემოუტიეს. ძალიან ახლოს იყვნენ... იმ მომენტში, პოზიციების დაკარგვის უფრო შემეშინდა, ვიდრე სიცოცხლის.... ეს ასეც უნდა ყოფილიყო. როდესაც ადამიანი იარაღს მოკიდებ ხელს, სიკვდილისთვის სულ მზად უნდა იყო.

- როგორი იყო თქვენი ცხოვრება ომამდე?

- ეროვნული ნაკრების მოჭიდავე ვიყავი. შერეული ორთაბრძოლებით ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი. მოკლედ, თავიდან ბოლომდე სპორტით ვიყავი შეპყრობილი. თუმცა, როგორც ყველა ქართველს, სულ მტკიოდა, მაწუხებდა ის ამბავი, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. სპორტში ჩემს თითეულ გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნიდი. გასული წლის 24 თებერვალს, დილით რუსული არმია რომ შემოიჭრა უკრაინაში, ვიფიქრე, რომ რაღაც მეც უნდა გამეკეთებინა რუსული ბოროტების წინააღმდეგ. თავიდან ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩავერთე, ჩემი მეგობრები პურს აცხობდნენ და მე ხალხს უფასოდ ვურიგებდი.

მერე კიევიდან გასვლაში ვეხმარებოდი მოქალაქეებს. ბოლოს იარაღს მოვკიდე ხელი. "ქართულ ლეგიონში“ ბევრი მეგობარი მყავდა და გადავწყვიტე მათთან ერთად მებრძოლა, ქართული დროშის ქვეშ. ჩემთვის დიდი პატივია მათ გვერდით ბრძოლა. ისინი უკრაინაში საქართველოს ისტორიას წერენ. ცუდია, რომ კლავიატურასთან მოკალათებულ ადამიანებს ძალიან უადვილდებათ მათთვის ტალახის სროლა. მე არაფერს ვიტყვი მათზე, არა უშავს, ისტორია განსჯის კეთილს და ბოროტს.

- როგორც ჩანს, გულს გტკენთ იმ ქართველების დამოკიდებულება, რომლებიც ამ ომში, თქვენს მონაწილეობას მხარს არ უჭერენ. რამდენად შესაძლებელია, ამან სტიმული დაგიკარგოთ?

- ეს გამორიცხულია! კი, გული ნამდვილად მტკივა, იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვხედავ, როგორ დებენ ბიჭები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე სამშობლოსთვის, მესმის, რაზე საუბრობენ ისინი, როგორია მათი აზრები, შეხედულებები, როგორ უყვართ საქართველო. ჩემს თავზე არაფერს ვიტყვი, მე მხოლოდ ახლახან მოვკიდე იარაღს ხელი. აქ არიან ბიჭები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძვიან პირსისხლიანი რუსების წინააღდეგ - იბრძოდნენ აფხაზეთში, ცხინვალში, ყირიმში, დონბასში... ამ ბიჭებს საკუთარი პირადი ცხოვრება და ინტერესები გვერდზე აქვთ გადადებული და უბრალოდ, არ იმსახურებენ, თანამემამულეებისგან ტალახის სროლას. ჩემზე ამ ბიჭების მაგალითი უფრო მოქმედებს, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც კლავიატურასთან არიან მოკალათებულები და ისე ისვრიან ტალახს. მე ჩემი გზა ავირჩიე და ერთადერთი, რასაც უფალს ვთხოვ ის არის, რომ ძალა მომცეს, რათა ეს გზა სწორად გავიარო.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, რისი თქმა შეგიძლიათ?

- ამ წუთებში ბახმუტის მიმართულებით არის ძალიან რთული მდგომარეობა. ყველაზე მძიმე ბრძოლები იქ მიმდინარეობს. ბევრს ახლა ვერაფერს ვიტყვი.

- გახანგრძლივებული ომი როგორ მოქმედებს თქვენზე, რა მოლოდინები გაქვთ?

- ჩვენ არც გვქონია იმის მოლოდინი, რომ ომი მალე დამთავრდებოდა. ასეთი მოლოდინები რუსებს ჰქონდათ. მზად ვართ ვიბრძოლოთ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ჩვენი ბრძოლა აქ და ახლა არ დამთავრდება, ვიბძოლებთ მანამდე, ვიდრე საქართველოს უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს.