ავტორი:

"ის ხალხი ახოცავს ხელს კეზერაშვილს, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული... შეუძლია, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე" - ხუხაშვილი

"ის ხალხი ახოცავს ხელს კეზერაშვილს, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული... შეუძლია, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე" - ხუხაშვილი

ექასპერტ გია ხუხაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილს, სავარაუდოდ, აქვს ინფორმაცია, თუ ვინ მფარველობდა ქოლცენტრების "ბიზნესს" საქართველოს ხელისუფლებიდან. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ახლა ყველა კარგი, რაც ექსმინისტრს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან.

"კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა, დღესაც არის დაკავებული.

ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა. სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-მ ფილმიც გამოაქვეყნა.

დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.

BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.

ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.

BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის პარალელურად საქართველოს მასშტაბით კიდევ 30 რეიდი განხორციელდა.

გამოცემის თანახმად, კეზერაშვილი დამაკავშირებელი რგოლი იყო გამოძიებაში ნახსენებ სხვა პირებს შორის, რომლებიც ფლობენ თაღლითურ კომპანიებს ან მართავენ - დავით თოდუა, მიხეილ ბენიმინი, იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა მათ შორის კავშირების დოკუმენტური დასაბუთება ვერ იძებნება, მაგრამ სხვა ირიბი მტკიცებულებები მოჰყავს, მაგალითად, პირადი კავშირები.