ავტორი:

"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." - გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)

"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." -  გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს  ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე "ვაი რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა. წელსაც ტრადიციულად საგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილმა შეასრულა. ის უკვე 35 წელზე მეტია ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ დღეს, ქადაგებისას.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოველ ადამიანს ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ავირჩიოთ ქრისტესგან მარჯვენა მხარე და "დავდგეთ გონიერი ავაზაკის ჯვართან“.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოვლენას, რომელიც გონებისთვის მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელია. თვით ძე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე ადამიანთან, რომელსაც ამზადებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ შეხვედრისთვის, იმისთვის, რომ გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილის წყვდიადისაგან და შეეყვანა ზეციური ცხოვრების ნათელში.

უფალი ელაპარაკებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა, გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და აი, ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს, ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. და თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე, რათა გავიხსენოთ, ვინ იდგა მაშინ ქრისტეს ჯვართან ახლოს. იდგა ბრბო, რომელიც მას დასცინოდა და მტრული განწყობით იმყოფებოდა იქ. იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც იყოფდნენ მის შესამოსელს, იქ იდგა უფრო მოშორებით თავისი შვილის ტანჯვისგან გულგანგმირული ყოვლადწმინდა ქალწული დედა ღვთისმშობელი, მენელსაცხებლე დედებთან ერთად. და როგორც გახსოვთ, მაცხოვრის ჯვართან ახლოს ასევე იყო აღმართული კიდევ ორი ჯვარი, რომლებზეც გაკრული იყვნენ ავაზაკები.

და აი, დღეს ჩვენც მოვედით აქ, მაცხოვრის ჯვართან გოლგოთაზე და ვფიქრობთ იმაზე, სად გვეკუთვნის დგომა, სად უნდა ვიყოთ ჩვენ. იმ ბრბოსთან და ჯარისკაცებთან ერთად უნდა ვიდგეთ, თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად? ალბათ, არა, ძვირფასო ძმებო და დებო, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ჩვენ დავდგეთ ავაზაკებთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეებით, ჩვენი ტანჯვებით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ვართ ავაზაკები, მაგრამ ამ ორი ავაზაკიდან რომლის ჯვართან უნდა დავდგეთ ჩვენ, ქრისტეს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს? აი, ეს კი არის ყოველი ჩვენგანის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ავირჩიოთ ქრისტესგან მარჯვენა მხარე, დავდგეთ გონიერი ავაზაკის ჯვართან და მასთან ერთად წარმოვთქვათ მისი ცნობილი სიტყვები: "ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან რაც გავაკეთეთ, საკადრისი მივიღეთ. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ამინ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.