ავტორი:

"ტყვედ ჩავარდნა სულმდაბლობაა და ვაჟკაცური არ არის" - ტყვეობიდან გათავისუფლებულ ჩეჩენ მებრძოლებს კადიროვი აკრიტიკებს და მათთან შეხვედრაზე უარს ამბობს

"ტყვედ ჩავარდნა სულმდაბლობაა და ვაჟკაცური არ არის" - ტყვეობიდან გათავისუფლებულ ჩეჩენ მებრძოლებს კადიროვი აკრიტიკებს და მათთან შეხვედრაზე უარს ამბობს

"ჰგონია, დიდებული ლიდერი, ბელადი გახდება, მოიპოვებს პატივისცემასა და აღიარებას. ტყვეობიდან დაბრუნებულ ბიჭებს, რომლებმაც ომში თუ მერე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი გამოიარეს, მშიშრები და მოღალატეები უწოდა. არავინ იცის, მათ რა ბედი ელით", - ასე ეხმაურებიან ჩრდილო კავკასიელები ტყვეობიდან დაბრუნებული ჩეჩნების საქმეს.

  • რა მოხდა?

15 აპრილს, უკრაინის ტყვეობიდან, Север-АХМАТ-ის პოლკის წევრი, ხუთი ჩეჩენი გათავისუფლდა. როგორც გამოცემა www.kavkaz-uzel.eu წერს, სამშობლოში დაბრუნებულ სამხედროებს პრობლემები შეექმნათ. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის თქმით, - "ის მეომრები სიმამაცის მაგალითები არიან და აჩვენეს, როგორ უნდა მოიქცნენ ნამდვილი ჩეჩნები."

თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს ჩეჩნეთის ლიდერს. რამზან კადიროვი უკმაყოფილოა და ჩეჩნების ტყვედ ჩავარდნას "დამამცირებელ, სულმდაბალ, არავაჟკაცურ საქციელს უწოდებს".

გამოცემის ცნობით, კადიროვმა უარი თქვა მათთან შეხვედრაზე. ჩეჩნეთის ლიდერმა ისინი "ტყვედ ჩავარდნისა და საბრძოლო მასალების არარაციონალური გამოყენებისთვის" მწვავედ გააკრიტიკა.

"კადიროვმა უკრაინიდან დაბრუნებულ ტყვეებთან შეხვედრაზე, რომლებიც გროზნოში ჩაიყვანეს, უარი განაცხადა. თქვა, რომ ჩეჩენ მეომრებს არავითარი მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ ტყვედ ჩავარდნისთვის. არსებული ინფორმაციით, მათ მეომრებს ფრონტის ხაზზე დაბრუნებისკენ მოუწოდა", - წერს kavkaz-uzel.eu.

გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი აღიარებს, რომ მისმა მეომრებმა, ტყვედ ჩაბარებამდე ერთი საათით ადრე, თავისიანებს რაციით შეატყობინეს, რომ საბრძოლო მასალა დაუმთავრდათ. "დიახ, ვიცოდი, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტი შეექმნათ, მაგრამ იარაღიდან უაზროდ კი არ უნდა ისროდნენ, დაფიქრებულად უნდა იბრძოლონ და ყოველ ტყვიას უნდა უფრთხილდებოდნენ", - ამბობს კადიროვი.

ადგილობრივების თქმით, კადიროვმა მათ, ფაქტობრივად, მშიშრები უწოდა, იმიტომ, რომ უიარაღოდ დარჩენილები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდნენ. ჩეჩნეთის ლიდერის ამგვარი შეფასებების ფონზე, უკრაინიდან ჩეჩნეთში დაბრუნებული ტყვეების ბედი უცნობია.

  • გამოცემა წერს, რომ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვარში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უკრაინიდან ჩეჩენი ტყვეების ორი ნაკადი ჩაიყვანეს, კადიროვმა მაშინაც გამოხატა უკმაყოფილება, რაც ადგილობრივმა მედიამ იმით ახსნა, რომ "ტყვეთა გაცვლა უკრაინის პირობების გათვალისწინებით შესრულდა".

"მას არ უყვარს გადარჩენილების მიღება, რადგან მოწინააღმდეგის უპირატესობის შესახებ ცნობები არ გავრცელდეს. ურჩევნია, დაიხოცონ. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, მათი ფრონტის ხაზზე დაბრუნება, თუ ამის ძალა აქვთ. შესაძლოა, ასე სიცოცხლე შეინარჩუნონ, სხვა შემთხვევაში, საეჭვოა, მათ ჩეჩნეთში ცხოვრების მშვიდად გაგრძელების, მით უფრო, რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ. ეს კადიროვის სიტყვებიდანაც ჩანს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ილიას საუმოვი".