ავტორი:

"ჩემი ცოლი ეზოში იყო, როცა გამიზნულად ესროლა" - რას ჰყვება კახეთში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე: მიწის ნაკვეთის გამო მომხდარი მკვლელობის დეტალები

"ჩემი ცოლი ეზოში იყო, როცა გამიზნულად ესროლა" - რას ჰყვება კახეთში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე: მიწის ნაკვეთის გამო მომხდარი მკვლელობის დეტალები

კახეთში, ახმეტაში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე ამბობს, რომ 18 წლის მეზობელმა მის ცოლს გამიზნულად ესროლა. თუმცა აქვე განმარტავს, რომ სროლამდე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

  • როგორც ვალერი ხარიტონაშვილი ამბობს, დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მათი და ბრალდებულის ოჯახს შორის წლები გრძელდებოდა, თუმცა გუშინ ამ თემაზე მათ არანაირი საუბარი არ ჰქონიათ.

"ეს სახლი მამაჩემმა ჩემს დას აუშენა. შემდეგ ჩემი და რომ გარდაიცვალა ჩემმა სიძემ ყალბი საბუთები გააკეთა და გაყიდა სახლი. ამათ (მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა) რომ იყიდეს, მამაჩემი წინააღმეგი იყო. ეს ხდებოდა 2006 წელს. მას მერე დავა იყო ამაზე. ყალბი საბუთებით მაინც დაუმტკიცდათ 1000 კვადრატული. ახლა იმ 1000-ში აღარ ეტევა, ამბობდა, აქეთ მინდა გადმოსვლაო.

რაც შეეხება მომხდარს, გუშინ მე და ჩემი მეუღლე სახლში ვიყავით, როცა სახლში ვიყავით, გავიგეთ ხმაური. გამოვედით ეზოში, მითხრა, შენ სახლში შედიო და თავად აივანზე ავიდა, გადავიხედავ რა ხდებაო. ამ დროს გამიზნულად ესროლა ჩემს მეუღლეს. კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა", - ამბობს მოკლულის მეუღლე.

ცნობისთვის, პოლიციამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2005 წელს დაბადებულმა პირმა მეზობელს სახის არეში ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებულ ლ.ხ.- სანადირო თოფიდან გასროლით, სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: