ავტორი:

უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე მხრიდან?

უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე  მხრიდან?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამხედრო კამპანიის ნაწილმა კიბერსივრცეში გადაინაცვლა. BBC-ის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, კორესპონდენტი ჯო ტაიდი უკრაინაში ჩავიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ კონფლიქტის დროს ჰაკერები ოფიციალურად თანამშრომლობენ სამხედროებთან, ჟურნალისტი მათ "ჰაქტივისტებს" უწოდებს.

ალექსანდრე ერთოთახიან ბინაში, ცენტრალურ უკრაინაში ცხოვრობს. მის სახლში ვერ ნახავთ ავეჯს, ტელევიზორს. საძინებელში ერთი საწოლი დგას, კუთხეში კომპიუტერი და მეორე მხარეს მუსიკალური ცენტრი. სწორედ ამ ბინიდან შეძლო ალექსანდრემ ასობით რუსული ვებსაიტის დაჰაკვა, ოფიციალური გვერდების პროუკრაინული ლოზუნგებით "გაფორმება“ და ათეულობით ბანკის მუშაობის დროებით პარალიზება. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერია უკრაინის IT Army ჯგუფიდან. ეს არის მთელი ქსელი, რომელსაც თითქმის 200 ათასი მოხალისე ჰყავს Telegram-ში.

"გარკვეულწილად, ჩვენ თავს ჯარისკაცებად ვგრძნობთ”, - აღიარებს ალექსანდრე, ”როდესაც ჩემი ქვეყანა დამიძახებს და ავტომატს მომცემს, მე მზად ვიქნები ამისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლაც, ჩემი ჰაკერული საქმიანობით სასარგებლო საქმეს ვაკეთებ”.

ომის დაწყებისას ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ალექსანდრეს მსგავს "ჰაქტივისტებს“ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ამ კონფლიქტში, მაგრამ ჰაკერების აქტივობის რეალური მასშტაბები შემაძრწუნებელია: ჰაკერების ჯგუფები კიბერ ომში ორივე მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ოფიციალურად უკრაინა კიბერშეტევებისგან თავს იცავს დასავლელი სამხედრო კიბერდანაშაულის სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების კერძო კომპანიების დახმარებით, რისთვისაც მრავალმილიონიანი თანხებია გამოყოფილი. თუმცა, შურისმაძიებლები ჰაკერებისა და სამხედრო ჩინოვნიკების არაოფიციალური თანამშრომლობაც სულ უფრო თვალსაჩინოა.

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის კიევის შტაბ-ბინაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე, ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ რუსეთის ოფიციოზი პირდაპირ თანამშრომლობს რუსულ ჰაქტივისტურ ჯგუფს Killnet-თან, რომელსაც თითქმის 100 000 მიმდევარი ჰყავს.

"რუსული ჰაკერული ჯგუფი Killnet-ი, თავიდან DDoS შეტევებით გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ისინი უფრო კვალიფიციურ და ნიჭიერ ადამიანებს იყვანენ თავიანთ რიგებში“, - ამბობს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი თქმით, ამ ჯგუფებში გამოჩნდნენ სამხედრო კონსულტანტები და ახლა მათი თავდასხმები გაცილებით მეტ ზიანს აყენებს უკრაინას. რუსეთის სარდლობა აერთიანებს ყველა ამ "ჰაქტივისტურ" ჯგუფს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ აგრესიის ერთ წყაროდ. თუ ეს დადასტურდა, რუსეთი შეიძლება დიდ უბედურებაში აღმოჩნდეს.

როგორც ირკვევა, სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი ძირითადად ახორციელებდა მიზანმიმართულ კიბერშეტევებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, Killnet ჯგუფი ახორციელებდა თავდასხმებს, უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებსა და ქვეყნის მოკავშირეებზეც.

ჟენევის კონვენცია, რომელიც შექმნილია ომის დროს ფიზიკური ძალადობის აქტების შეზღუდვის მიზნით, კრძალავს დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი კიბერომზე. ამავდროულად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ამტკიცებს, რომ ჟენევის კონვენციის დებულებები ამ შემთხვევაშიც უნდა გავრცელდეს და ჰოსპიტალზე კიბერშეტევა საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვალოს.

რუსეთის ხელისუფლებამ არ უპასუხა BBC-ის კითხვებს, ამიტომ მათ პირდაპირ მიმართეს Killnet-ის ხელმძღვანელს, მეტსახელად Killmilk-ს.

Killmilk-მა უარი თქვა პირისპირ ინტერვიუზე, მაგრამ Telegram-ზე რამდენიმე კვირიანი მიმოწერის შემდეგ, BBC - ის გაუგზავნა ვიდეო, რომელშიც გამოცემის კითხვებს პასუხობს. ჩანაწერში Killmilk აცხადებს, რომ მისი ჯგუფის ჰაკერები მუშაობენ Killnet-ზე დღეში 12 საათის განმავლობაში.

Killmilk ამტკიცებს, რომ ჯგუფი მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებისგან სრულიად დამოუკიდებლად და რომ ის თავად არის "ჩვეულებრივი ადამიანი" და მუშაობს ქარხანაში უბრალო მტვირთავად. მისი თქმით, ჯერ კიდევ ომამდე და Killnet-ის შექმნამდე, მან შექმნა კრიმინალური ბიზნესი პერსონალური DDoS შეტევების განსახორციელებლად. თუმცა, როდესაც შეჭრა დაიწყო, გადაწყვიტა თავი მიეძღვნა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

"სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ლეპტოპი და ყველაფერი რაც მჭირდება, ყოველთვის ჩემთანაა", - ამბობს ის.

მაშინ, როცა სხვა "ჰაქტივისტურმა" ჯგუფებმა (რომელთაგან ყველაზე ცნობილია "ანონიმუსი") შეაჩერეს თავდასხმები რუსეთზე, Killnet - პირიქით - გააქტიურდა და თავისი ძალისხმევა დასავლეთზე გაამახვილა.

აღდგომის შაბათ-კვირას Killnet-ის ტელეგრამის არხზე შეიქმნა დროებითი ჯგუფი KillNATO Psychos, რომელმაც სულ რამდენიმე საათში მოიპოვა ასობით მიმდევარი და განახორციელა თავდასხმების სერია, რამაც შეაფერხა ნატოს რამდენიმე ვებგვერდის მუშაობა, ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა ნატოს თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის მისამართების სია. მოწოდებით: არ მისცენ მათ მშვიდი ცხოვრების საშუალება.

ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსული "კიბერჯარები" კრიმინალებთან თანამშრომლობენ, არ აკვირვებთ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ რუსეთს კიბერკრიმინალებთან თანამშრომლობაში.

თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მათმა ვიზიტმა უკრაინაში აჩვენა, რომ საზღვრები ოფიციალურ და კრიმინალურ სტრუქტურებს შორის იქაც ბუნდოვანია.

ერთი წლის წინ, როცა კიევი თავდაცვისთვის ემზადებოდა, რომანმა სხვა მოხალისეებთან ერთად დააარსა ჯგუფი IT Stand for Ukraine, რათა შეემუშავებინა პროგრამული უზრუნველყოფა და განეხორციელებინა ჰაკერული თავდასხმები უკრაინის არმიის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ის უკვე სამხედრო კიბერდანაყოფის ოფიციალური თანამშრომელია.

სახალხო შურისმაძიებლისგან ის გადაიქცა პროფესიონალ სამხედროდ. რომანი აღიარებს, რომ სამსახურში გამოძახებამდეც კი, მისი ჰაკერების ჯგუფი უშუალოდ თანამშრომლობდა უკრაინის ხელისუფლებასთან.

"დავიწყეთ საუბარი სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც აკეთებდნენ იგივეს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და დავიწყეთ ჩვენი აქტივობების სინქრონიზაცია. მათ დაიწყეს დავალებების მიცემა და გვეუბნებოდნენ, რა და როდის გაგვეკეთებინა“, - ამბობს ის.

რომანი ამბობს, რომ მისი გუნდის ყველაზე წარმატებული თავდასხმა იყო მატარებლის ბილეთების გასაყიდ სისტემაზე სამხრეთ რუსეთში.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს რუსეთში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე, რომანი მხრებს იჩეჩავს. საჯაროდ, თავად უკრაინელი სამხედროები არასოდეს განახორციელებენ მსგავს კიბერშეტევას.

რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უკრაინა მთელი ძალით ცდილობდა თავი დამცველ მხარედ წარმოაჩინოს და არა თავდამსხმელად.

განყოფილება, რომელმაც შექმნა ტელეგრამ-გუნდი ჯგუფისთვის IT Army of UkraineI, რომლის წევრიც ოლექსანდრეა, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მინისტრ მიხაილ ფედოროვის მეთვალყურეობის ქვეშ მოქმედებს.

მიხაილ ფედოროვი

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ "ჰაქტივისტების" ქსელის მუშაობასთან. თავად ფედოროვი კატეგორიულად უარყოფს ჰაკერების წახალისებას რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში. მაგრამ ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას აქვს "მორალური უფლება გააკეთოს ყველაფერი თავისი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად“.