ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვესი, რომელსაც ქალზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, გასული წლის დეკემბერში მომხდარი ამბის შესახებ თავდაპირველ ჩვენებას ცვლის.
ალვესი წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ბრალმდებელს არც კი იცნობდა, ახლა კი ამბობს, რომ 23 წლის გოგონასთან სექსი მისი თანხმობით ჰქონდა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონას თქმით, ფეხბურთელმა ერთ-ერთი კლუბის საპირფარეშოში მასზე იძალადა.
ესპანური მედიის ცნობით, სავარაუდო ინციდენტი ბარსელონას ღამის კლუბში 31 დეკემბერს, ღამით მოხდა.
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" 39 წლის ყოფილი მცველი იანვრიდან მოყოლებული დაკავებულია და ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგა.
ალვესის ადვოკატების განცხადებით, თავდაპირველად ქალთან ფიზიკური კონტაქტი იმის გამო უარყო, რომ ქორწინების გადარჩენა სურდა. თებერვალში სასამართლომ ალვესის მოთხოვნა, ციხიდან გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
ფეხბურთელს 4-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა