ავტორი:

"ჯოჯოხეთის უნდა გეშინოდეთ - ეს არის ანტიქრისტე" - ვახტანგ მეგრელიშვილი დეპუტატებს "თავდაცვის კოდექსზე"

"ჯოჯოხეთის უნდა გეშინოდეთ - ეს არის ანტიქრისტე" - ვახტანგ მეგრელიშვილი დეპუტატებს "თავდაცვის კოდექსზე"

თავდაცვის კოდექსის განხილვის დროს ძალიან ანტიქრისტიანული საქმე უნდა ჩაიდინოთ, - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მეგრელიშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც თავდაცვის კოდექსის ობიექტები არიან, მიღებული გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდებიან.

„მზად ვიყავი, რომ ეს კვირა თავდაცვის კოდექსის განხილვაში უნდა გაგვეტარებინა. კი გადავდეთ ორი კვირა, მაგრამ ორი კვირის მერე იგივე ამბავი იქნება. სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ ამ კოდექსის განხილვით ჭეშმარიტებას არ ვცემთ პატივს. ვითომ თავდაცვაზე ვილაპარაკებთ და უამრავი ტყუილი უნდა ვთქვათ. ადამიანები, რომლებიც ამ ამბის ობიექტები ხდებიან, ჩვენი მსხვერპლი არიან. კი არ მისმენთ „ქართული ოცნების“ წევრებო, მაგრამ ამ კანონპროექტის განხილვის დროს ძალიან ანტიქრისტიანული საქმე უნდა ჩაიდინოთ“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები თავდაცვის კოდექსის განხილვისას, კანონზე რეალურად იმსჯელებენ.

„იმედი მაქვს, რომ თქვენ დამალვას, ნათლად და ცხადად ანტიქრისტიანული პოზიციის დაკავებას არ აირჩევთ, მაშინ, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვას დავიწყებთ. პრინციპში, ჯოჯოხეთისაც უნდა გეშინოდეთ. გისურვებთ, რომ აღდგომის მადლით რაღაცა შეგეწიოთ იმ თვალსაზრისით, რომ გამბედაობა გეყოთ და ამ კანონზე მართლა იმსჯელოთ, დაინდოთ თქვენივე შვილები და 200 ათას ადამიანს არ უყურებდეთ მხოლოდ, როგორც საარჩევნო რესურსს. ეს არის ანტიქრისტე“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.