ავტორი:

ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"

ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა ფოტომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა - მისმა წარმდგენმა ჯილდოზე უარი თქვა: "AI არ არის ფოტოგრაფია"

მსოფლიოში ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულმა პრიზის მიღებაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მის მიერ წარდგენილი ნამუშევარი რეალურად AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.

Sony World Photography Award-ზე კრეატიულ ღია კატეგორიაში გერმანელი არტისტის, ბორის ელდაგსენის წარდგენილი ფოტო, სახელად Pseudomnesia: The Electrician გახდა გამარჯვებული. ელდაგსენმა კონკურსზე ორი სხვადასხვა თაობის ქალბატონის პორტრეტი წარადგინა. ხელოვანის თქმით, მას სურდა კონკურსი გამოეცადა და ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ საჯარო დისკუსია წამოეწყო.

ელდაგსენმა ჟიურის წევრებს მადლობაც გადაუხადა, რომ მისი ფოტო შეარჩიეს და "ისტორიული მომენტი შექმნეს". ფოტოგრაფის თქმით, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ფოტოები ასეთ დაჯილდოებაზე საერთოდ არ უნდა იყოს ნებადართული: "ისინი ორ სრულიად განსხვავებულ რამეს წარმოადგენენ. AI არ არის ფოტოგრაფია, ამიტომ ამ ჯილდოს მიღებაზე უარს ვამბობ,"- განაცხადა ხელოვანმა.

მსოფლიოს ფოტოგრაფიის ორგანიზაციის სპიკერმაც ისაუბრა გერმანელ მონაწილეზე:

"ვიცოდით, რომ მის ნამუშევარში გარკვეულწილად ერია ხელოვნური ინტელექტის ხელი, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მისი წარდგენილი ფოტო ამ კატეგორიაში ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ამიტომ მის მონაწილეობას მხარი დავუჭირეთ. ახლა, როცა მან ჯილდოზე უარის თქმა გადაწყვიტა, მისი სურვილის თანახმად, ის კონკურსიდან სრულიად გამოვთიშეთ". ელდაგსენმა ისიც განაცხადა, რომ მან ორგანიზატორებს შესთავაზა, მისთვის განკუთვნილი პრიზი უკრაინაში გამართული ფოტო ფესტივალისთვის გადაეცათ საჩუქრად.

ბოლო თვეებში ხელოვნური ინტელექტის მასიური გამოყენება ესსეების საწერად, სიმღერების შესაქმნელად, ჩატბოქსის თერაპევტებად და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით, საკამათო თემად იქცა. საქმე იმაზე მიდგა, თუ რამდენად მიზანშეწონილი და სასარგებლოა მისი ფოტოგრაფიასთან მიმართებაში გამოყენება, განსაკუთრებით კი ეს ე.წ. deepfake-ებს ეხება (deepfake არის ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელშიც ადამიანის სახე ან სხეული ციფრულადაა შეცვლილი სხვა ადამიანის სახით ან სხეულით. როგორც წესი, ის ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება).

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა