ავტორი:

პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან

პარლამენტში "პროცედურული ომი" გრძელდება - უმრავლესობის დეპუტატები რეგისტრაციას მიზანმიმართულად არ გადიან

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა, გუშინდელის მსგავსად, რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

კენჭისყრის დაწყებამდე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

გუშინ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა.

გუშინ სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა.