ავტორი:

"ახლა ვანოს მიზანი იქნება, მელია არ მოუშვას ლიდერად, მელიას მიზანი ხაბეს დისკრედიტაციაა" - ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში" კრიზისი გამწვავდა: ვინ რისთვის იბრძვის და რა ელის პარტიას?

"ახლა ვანოს მიზანი იქნება, მელია არ მოუშვას ლიდერად, მელიას მიზანი ხაბეს დისკრედიტაციაა" - ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში" კრიზისი გამწვავდა: ვინ რისთვის იბრძვის და რა ელის პარტიას?

"ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება და ერთიანობის შენარჩუნება მიუღწეველი ხდება. პარტიის ძველი ლიდერები პარტიის მმართველობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ცვლილებები ენმ-ში არა გამაერთიანებელი, არამედ დამაზიანებელი აღმოჩნდა, ამიტომ ბევრი მათგანი ვადამდელი არჩევნების მომხრეა. არ გამორიცხავენ, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში მართლაც მალე ვიხილოთ პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები.

რამდენიმე დღის წინ, პარტიის ექსთავმჯდომარე ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გახსნა, რის შესახებაც თანაპარტიელებს ოფიციალურად აცნობეს. როგორც მელიას თანაგუნდელი ბაჩო დოლიძე ამბობს, ოფისის ხარჯებს საკუთარი სახსრებით იხდიან და ამ სიახლის მიზეზიც ახსნა:

"ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების" რეჟიმს ებრძოდნენ, „ნაციონალურ მოძრაობაში"კარი უბრალოდ დაუხურეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მენეჯმენტისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. ბოლო პერიოდში თუკი პარტია რაიმე გადაწყვეტილებას იღებდა, ამას ვიგებდი მედიის საშუალებით. ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ მათ უბრალოდ კარი მიუხურეს. მათ არ სურთ ვანო მერაბიშვილის პოზიციის გაზიარება. ჩვენი ამოცანა არის რეჟიმთან ბრძოლის გაგრძელება“.

თბილისში ნიკა მელიას პოლიტიკური ოფისის გახსნას განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სადაც მელიას ეს ნაბიჯი დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბებად აღიქვეს.

იკვეთება ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკამაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველიც გახდეს.

  • როგორც სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან" გვეუბნება, ხაბეიშვილმა მის ამომრჩეველს (მეტადრე - რადიკალურ ფრთის წარმომადგენელ მომხრეებს) მართლაც გაუცრუა იმედი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მელია კი თავის მხრივ ეცდება პარტიაში კრიზისის შექმნას, რაც, სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნებით დასრულდება.

"როგორც ვიცი, მელია პარტიიდან წასვლას და ცალკე თამაშს არ აპირებს, მას რომ ენმ-დან წასვლა და ახალი პარტიის გაკეთება სდომოდა, ამას აქამდე იზამდა. მას ენმ-ს 40%-მა მისცა ხმა, ხაბეს ამომრჩეველი მისით უკმაყოფილოა, ორჭოფობს და მიშასთან დაკავშირებით დანაპირების არშესრულებას საყვედურობს (ალბათ ეგონათ, მართლა შევარდებოდა „ვივამედში“). მელია ახლა ალბათ შეეცდება მეტად იაქტიუროს, პარტიაში კრიზისი წარმოაჩინონ და ხაბეს ტაკიმასხარობა რიგგარეშე არჩევნებით დაამთავრონ.

მელია ამით ეცდება ყველას დაანახოს, რომ ხაბეიშვილის არჩევა იყო შეცდომა და საქმე მივა არჩევნებამდე. მელიას ოფისს რაც შეეხება, მისი მომხრეები დეპუტატები არიან, მათ აქვთ სერიოზული ფინანსები, ხელფასები, მეორეც, არიან ბიზნესჯგუფები, რომლებიც რაღაცაში ეხმარებიან. რა უნდა თვეში ერთი ოფისის შენახვას, 5-6 ათასზე მეტი არც დაუჯდებათ. ენმ-ში რაც მივიღეთ, ეს არის რადიკალი მიშისტების დამსახურება. თეთრი სახლი რომ მისწოლოდა ბიძინას, გგონიათ, მიშას არ გამოუშვებდნენ? და ვინმეს ჰგონია, მიშა საქართველოში ვანიჩკას, ან თაკო ჩარკვიანის იმედზე ჩამოვიდა? მიშას სხვა ვიღაცეებმა მისცეს გარანტია, მათ, ვისაც მისი იზოლაცია აწყობდა - როგორც ჩანს, რაღაცას შეჰპირდნენ, ეს არ შეუსრულეს და მიშა სრულ იზოლაციაში მოაქციეს. ექს-პრეზიდენტი ამას თავადაც კარგად ხვდება. როგორც ჩანს, დასავლეთს ამ ეტაპზე მიშას დაკონსერვება აწყობდა, თორემ ბაიდენი დარეკავდა და ეტყოდა ბიძინას, გამოუშვი, პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთო და ისიც გარეთ იქნებოდა. ხომ ხედავთ, მიშას იმის მეათედს არ პატიობდნენ, რასაც ბიძინას პატიობენ (გინდ კორუფციის, გინდ - რუსეთთან მამაძაღლობის კუთხით). სტრასბურგმა თუ გადაწყვიტა, მიშას უკვე მალე გაუშვებენ.

ის მოსაზრება, რომ მელია ცალკე პარტიის შექმნა აპირებს, სისულელეა, ამას დიდი ფული უნდა, ან ის 40%, ვინც ნიკა აირჩია, ყველა გაჰყვება? ამ ყველაფერს ნიკა ხომ თვლის, თორემ გამოვა ის, რაც 90-იანებში ედპ-ს მოუვიდა - გიორგაძე-სარიშვილი რომ გაიყო და მერე ორივე დაიძირა. ამ ეტაპზე ენმ-ს დაშლას გამოვრიცხავ, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდება. ვანიჩკას მიზანი იქნება, მელია არ მოუშვას ლიდერად პარტიაში, მელიას მიზანი - ხაბეს დისკრედიტაციაა. ხაბემ და ვანომ პარტიაში შტერ თავებზე იმუშავეს. შეიძლება მელიამ ხაბეს და მისი ფლანგის დისკრედიტაცია იმ დონემდე მიიყვანოს, რომ მთელი ელექტორატი თავისკენ გადაქაჩოს და პლუს ამას, მიშამაც თუ იქიდან ნიშანი მისცათ, ამას გაყევით, მეც აქ ვარო, მთელი ელექტორატი ნიკას გაჰყვება. მიშა ვანოს ასე პირდაპირ ვერ დაარტყამს, მათ ერთმანეთის იმდენი "გრეხი" იციან, არც ერთი მათგანი წითელ ხაზებს არ დაარღვევს. ენმ-ში არც ერთი ფლანგი არაა „ოცნებასთან“ შეკრული, იციან, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურად დამთავრდებიან. ვანოს ფული არ აკლია და აქვს პოლიტიკური ამბიციებიც, თუმცა პარტიაში პირველ პირად მოსვლას ვერ გარისკავს, ეს გამორიცხულია, ვინაიდან მის სახელთან ასოცირდება ბევრი პრობლემა და ტვირთი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიკიდა და მისი პირველ პირად ქცევა ამ ტვირთებსაც წამოწევს (რასაც ბევრი ადამიანი შეგნებულად და სწორად უფრთხის). გარდა ამისა, ვანო საჯარო ტიპი არ არის...

თუ მიაქციეთ ყურადღება, პარლამენტში ხატია დეკანოიძემ „ოცნებას“ მიმართა - ქოლცენტრები ფუნქციონირებდა საქართველოში, რაც თქვენს გარეშე არ იქნებოდაო. ანუ ერთ მხარეს იკვრება ვანო-კეზერას წრე დაკავშირებლი ხელისუფლების მაფიოზურ კარტელთან - ქოლცენტრებთან. ამას ემიჯნება მელია, რასაც ის აუცილებლად გამოიყენებს, იტყვის - აქეთ ხართ ვანო, კეზერა და ხაბე, იქეთ სუსი და ქოცები, ანუ თქვენი კოალიციაა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ამას სჩადის, მე კი თქვენ ორივეს გემიჯნებით“.

ბაჩო დოლიძე, ენმ-ს წევრი:

"არავითარი ჩვენი ცალკე გასვლა არ მოიაზრება, ბუნებრივად გახდა საჭირო ოფისის აღება გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, დღეს ცენტრალური ოფისის კარი დაეკეტა გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხაბეიშვილ-მერაბიშვილის ხედვებს არ იზიარებდნენ. შესაბამისად, ასეთი ადამიანების მიმართ სრული იგნორი და დისტანცირება ხორციელდება. ოპოზიციაში ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი ხალხი, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს ვესაუბრებოდეთ იმაზე, რომ შემოგვიერთდნენ, ჩვენ რაღაცნაირად იზოლირება დავინახეთ, რაც დაუშვებელია. საჭირო იყო სივრცე, სადაც ეს ადამიანები შეიკრიბებოდნენ, უნდა გვახსოვდეს, რომ პარტიის ნახევარზეა საუბარი. ცოტა გასაკვირი იყო ოფისის გარშემო აჟიორტაჟი, ენმ-თვის ეს არ არის არც პირველი, არც ბოლო ოფისი, დამატებითი სივრცე გაიხსნა იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან მებრძოლ ადამიანებს ელემენტარულად შეხვედრების ადგილი ჰქონოდათ.

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ხაბეიშვილის და არც სხვების დისკრედიტაცია, არც ზოგადად რომელიმე ჩვენს ოპოზიციონერ მეგობრებთან ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა. სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ თანაპარტიელებისგან ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ, რომელსაც ნამდვილად არ ველოდი და ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, კარგი არაფერი მოჰყვება. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ადამიანებისგან, რომლებიც ბევრი წლების განმავლობაში გუნდთან ერთად იბრძოდა, გვესმის მძიმე ბრალდებები - სუსთან და მის თანამშრომლებთან პარალელების გავლებას ვგულისხმობ, რაც ძალიან ცუდი ტონია და ამას განმარტებები უნდა მოჰყვეს, ეს შეიძლება კარგად არ დამთავრდეს. ჩვენი ამოცანაა ისევ და ისევ მაქსიმალური ძალების მოკრება, ახალი ადამიანების შემოყვანა პოლიტიკურ ველზე, რათა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ვიყოთ სათანადო პოლიტიკურ ფომაში. ფინანსებს რაც შეეხება, ოფისზე თუა საუბარი, ესაა ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ (ფულადი შემოწირულობით) ყველანაირი კანონის ფაგლებში დაფინანსებული ოფისი, ამის შესახებ პარტიას ოფიციალური წერილითაც ეცნობა, ყველაფერი ძალიან ღიად და ჩვენი ძალებით გავაკეთეთ, მოვახერხეთ მეგობრების ინფორმირება, რომ ჩვენთვისაც საჭიროა სივრცე, რომ ეს ადამიანები არ გაგვეფანტონ. დღეს ოპოზიციურ პარტიებში მრავალფეროვნებაა საჭირო და ამ მიმართულებით გვაქვს დაწყებული მუშაობა, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ, ასე რომ, ვისაც სურს ოპოზიციის გაძლიერება, ნებისმიერისთვის ჩვენი კარი ღიაა.

პარტიის ფინანსები ცენტრალურ აპარატში რჩება, ამაზე პრეტენზია არ გვაქვს, მთავარი და ერთადერთი ისაა, რომ ჩვენ გვქონდეს სამართლიანი პარიტეტი თვითონ პარტიაში. გასაგებია, რომ ლევანი 52%-ით მოვიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩენილ 50%-საც ყურს უნდა უგდებდე, ელემენტარულად, უნდა უსმენდე. შეიძლება გადაწყვეტილებებს შენ იღებდე, მაგრამ ის, რომ საერთოდ არ მოისმინო რას ამბობს პარტიის ნახევარი, რა ხედვა აქვს ამა თუ იმ ტაქტიკასთან მიმართებაში, ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა. პარტიის დაშლა და პარტიიდან ჩვენი გამოყოფა თუ კი ვინმეს აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“, რადგან ასეთი კონფიგურაციის „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ ყველაზე სასურველი მეტოქეა მმართველი გუნდისთვის. „ოცნებას“ ამ სიამოვნებას არ მივანიჭებთ “, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი სტრუქტურული გაერთიანება. ამ პარტიაში არ არსებობს არანაირი ცალკე ფლანგები, თუ დაჯგუფებები და დაპირისპირებული მხარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ლიდერობით შექმნილი და ის არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი. მთელი გუნდი, ჩვენ ყველანი ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთიანი სტრუქტურული ერთეული.

პარტიამ არჩევნები ორი წლის წინაც ჩაატარა „ფეისბუქის“ საშუალებით, სადაც ნიკა მელიამ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შემდეგ არავის დაუწყია საუბარი – ლევან ვარშალომიძის ფრთა, რაღაც წილების მოთხოვნა პარტიის მმართველობაში და ა.შ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ყველა წევრს აბსოლუტურად ღია კარს. არ არის აუცილებელი არც კაბინეტი და არც ცალკე ოფისი იმისთვის, რომ პარტიული ცხოვრებით დაკავდე. არანაირი კრიზისი არაა პარტიაში, ისიც ჭორია, თითქოს იგეგმება ლევან ხაბეიშვილის ჩემით, ან პეტრე ცისკარიშვილით ჩანაცვლება, მმართველი გუნდი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და ლევან ხაბეიშვილის შეცვლა გამორიცხულია“.