ავტორი:

როგორ შეიფარა რუსეთში ძებნილი აქტივისტი სომხეთმა - ანტისაომარი რიტორიკის გამო, პუტინის რეჟიმს გამოქცეული კამენსკის საქმე

როგორ შეიფარა რუსეთში ძებნილი აქტივისტი სომხეთმა - ანტისაომარი რიტორიკის გამო, პუტინის რეჟიმს გამოქცეული კამენსკის საქმე

რუსი აქტივისტი ნიკიტა კამენსკი, რომელიც ანტისაომარი გამოსვლების გამო იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა, რამდენიმე თვის განმავლობაში სომხეთს აფარებდა თავს. ქვეყანა მან 20 აპრილს დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სომხეთმა აქტივისტის გადაცემაზე უარი თქვა.

რუსი აქტივისტის წინააღმდეგ თავის სამშობლოში სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის ივლისში, მოსკოვში, ტიმირიაზევსკაიას მეტროში ანტისაომარი შინაარსის გრაფიტების გაკეთების მოტივით აღიძრა. ახალგაზრდამ უკრაინის ომის საწინააღმდეგო ნახატები ფლომასტერით დატოვა, რაც ადგილობრივმა გენერალურმა პროკურატურამ, ვანდალიზმად მიიჩნია.

კამენსკი სომხეთში 28 თებერვალს ჩავიდა, იმავე დღეს, ერევნის აეროპორტში დააკავეს, თუმცა შემდეგ მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და 17 აპრილამდე ერევანში იმყოფებოდა... რუსეთში კი მასზე ძებნა გამოცხადდა.

dw.com-ის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა მისი ექსტრადირება, თუმცა სომეხი უფლებადამცველების აქტიურობამ შედეგი გამოიღო, ისინი ახალგაზრდა აქტივისტის რუსეთში დაბრუნებას სახიფათოდ მიიჩნევდნენ და მისი დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ამასობაში კი, კამენსკიმ სომხეთიც დატოვა. ერევანში, შინაპატიმრობაში ყოფნის პარალელურად, კამენსკიმ დახმარებისთვის Free Russia Foundation-ის გენერალურ დირექტორს, იგორ კუროპტევს მიმართა, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. კამენსკის თქმით, სწორედ კუროპტევის დახმარებით დატოვა სომხეთი და ახლა უკვე სამშვიდობოსაა, თუმცა კონკრეტულ ადგილსამყოფელს არ აკონკრეტებს.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომეხი უფლებადამცველების აქტიურობამ ადამიანის ბედი შეცვალა - 7 აპრილს, ერევანში, რუსეთში დეზერტირობის გამო ძებნილი ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რუსული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვდა, თუმცა, უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება იმ ადამიანის სამშობლოში დაბრუნება, ვისი უფლებების დარღვევის საფრთხეც არსებობს" - წერს მედია.

Free Russia Foundation-ის ცნობით, რუსეთში, ანტისაომარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, ადგილობრივ პროკურატურაში 500-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

ამ ფაქტს როგორც რუსი, ასევე სომეხი ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ. რუსები, სომხური მხარის წინააღმდეგობის და თამამი ნაბიჯებს გამო, გაოცებას ვერ მალავენ და მიიჩნევენ, რომ სომხეთი წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს. ნაწილის თქმით, რაც მეტი მოკავშირე თუ მეგობარი ქვეყანა წავა მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, უკეთესია, რადგან შესაძლოა, მოსახლეობაში გამოღვიძების პროცესი დაიწყოს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ასეთი მოლოდინს გადაჭარბებულს უწოდებს და მიაჩნიათ, რომ რუსი მოსახლეობის უმეტესობას, ღრმა ძილში ყოფნა ურჩევნია...

"რა გვითხრა ამით სომხეთმა, არავითარი მეგობრები და მოკავშირეები არ არსებობენო?.. კამენსკისნაირები თავს სამშვიდობოს რომ დაიგულებენ, სახელმწიფოს საშინელ კრიტიკას იწყებენ, რათა გადარჩნენ და ისე წარმოაჩინონ ყველაფერი, თითქოს რუსეთში ყველას, ვინც ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს, საფრთხე ემუქრება" - წერს ოლესია ლოსევა.

სომეხი აქტივისტის, ედვარდ ტოპჩიანის თქმით, ასეთი გაბედული ნაბიჯებით, სომხეთი დასავლეთს აჩვენებს, რომ მისი არჩევანი ევროპაა და როდესაც საქმე ადამიანის უფლებას ეხება, ის მზად არის მეტად გამბედავი იყოს...