ავტორი:

"წარმატებული მარცხის ფორმულა" - SpaceX-ის გიგანტურ ხომალდს, რომელიც გაშვებიდან მალევე აფეთქდა, კოსმოსში მიმოსვლის განვითარებისთვის გარდამტეხად მიიჩნევენ

"წარმატებული მარცხის ფორმულა" - SpaceX-ის გიგანტურ ხომალდს, რომელიც გაშვებიდან მალევე აფეთქდა, კოსმოსში მიმოსვლის განვითარებისთვის გარდამტეხად მიიჩნევენ

SpaceX-ის ახალი Starship-ის გიგანტური კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა და სანახაობად იქცა. რადგან ეს სატესტო ფრენა იყო, ბორტზე არავინ იმყოფებოდა (ცნობისთვის, აქამდე არსებულ ხომალდებს შორის, ეს ყველაზე დიდი იყო).

ექსპერტებმა ყოველივეს ილონ მასკის კომპანიისთვის "წარმატებული მარცხი" უწოდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ამ ტიპის კოსმოსური ხომალდების განვითარების დაჩქარებას.

SpaceX-ში აცხადებენ, რომ ხომალდის 33 ძრავიდან რამდენიმემ ვერ იმუშავა გამართულად და ამის გამო დასრულდა საცდელი ფრენა წარუმატებლად.

"ეს SpaceX-ის კლასიკური წარმატებული მარცხია", - თქვა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონავტიკის ინჟინერიის პროფესორმა, გარეტ რაისმანმა, რომელიც ნასა-ს ყოფილი ასტრონავტი და ამჟამად SpaceX-ის უფროსი მრჩეველია.

პლანეტოლოგმა ტანია ჰარისონმა, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის კოსმოსური ინსტიტუტის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ამგვარი წარუმატებლობა შემდგომი წარმატების ნაწილია.

"ეს ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდია, რომლის აგებაც კაცობრიობამ სცადა,"- თქვა მან და დასძინა, რომ იგი იმისთვისაა შექმნილი, მეტი ტვირთი და ადამიანი გადაიყვანოს კოსმოსში და უკან, დედამიწაზე, ვიდრე აქამდე არსებულ ნებისმიერ კოსმოსურ ხომალდს შეეძლო.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა