ავტორი:

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ლევილის მამულში განხორციელებული სამუშაოების პირველ შედეგებს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა წულუკიანი და სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ლევილის მამულში 2022-2023 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს და სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"სამუშაო შეხვედრაზე, ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.ლევილის მამულში 2022 და 2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.ინფორმაციისთვის: ლევილის მამულში გალავნის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების (#1962, 2022 წლის 28 ოქტომბერი) შესაბამისად დაიწყო.

ჩატარდა ბაზრის კვლევა და სამუშაოების შესასრულებლად შეირჩა კომპანია (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი“ ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ² ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. ამ სამუშაოების ღირებულება გახლდათ 376 694,56 ევრო.ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის განკარგულება #2022). შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია დაამტკიცებს განმახორციელებელი კომპანიის მიერ შერჩეულ კრამიტის მოდელს. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895,74 ევრო.

რაც შეეხება მამულის შატოს, მისი აზბესტისაგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა დაიწყო, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შესრულდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამ სამუშაოების ღირებულება იყო 12 000 ევრო.

ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი - პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსადგენად, სრულად აღრიცხა.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836), ვალდებულების შესაბამისად, ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა პარკში ხეხილის აღწერის პროცესი. 2023 წლიდან მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე გაისხლა, მოიჭრა და დამუშავდა მწვანე საფარი.

ასევე, 2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. ამასთან, შატოს სხვენში წლების მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს. შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავი.აღსანიშნავია, რომ ლევილის მამულის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაათვალიერეთ ფოტოები: