აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.
"კერძოდ, "დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან "დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუმარტეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მთლიანად წერეთლის გამზირს მოიცავს.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზირის კიდეებში იმოძრავებს.