ავტორი:

პროკურატურის ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ბებიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული - ოჯახი კი აცხადებს, რომ ამ ხასიათის ძალადობას ადგილი არ ჰქონია

პროკურატურის ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ბებიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული - ოჯახი კი აცხადებს, რომ ამ ხასიათის ძალადობას ადგილი არ ჰქონია

25 აპრილს გავრცელდა უმძიმესი ინფორმაცია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის კაცი ბებიაზე სისტემატიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურა ამ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბრალდებულს უკვე წაუყენეს ბრალდება და სასამართლომაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათივე ცნობით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 11 პრიმა, 143-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,გ’’ და მე-3-ე ნაწილის "ე’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ვკითხულობთ განცახდებაში.

72 წლის ქალი უარყოფს შვილიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რაც შეეხება ძალადობის სხვა ფორმებს, ქალი აცხადებს, რომ შვილიშვილი თავისუფლებას უზღუდავდა და მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახდენდა.

სექსუალურ ძალადობას გამორიცხავს ბრალდებულის მამაც. რაც შეეხება მეზობლებს, ისინი აცხადებენ, რომ შვილიშვილი ბებიაზე სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა და ამის შესახებ მათ თავად მსხვერპლი ქალი უამბობდა. მათივე თქმით, სწორედ მეზობლებმა ჩააყენეს საქმის კურსში ბრალდებულის მამა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქამდეც იყო გასამართლებული ძარცვისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.