ბესტსელერი წიგნების ავტორის, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ახალი რომანის "რატომ კვდებიან კუპიდონები?" წარდგენა 27 აპრილს „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) გაიმართება. გამომცემლობა "პალიტრა L" ღონისძიებაზე თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს იწვევს.
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულია. მის ნამუშევრებს „მე ვარ ნეონი“, „შავი ფურცელი“, „ასტრალის სული“ და „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. წიგნები ფართო საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ამჯერად კი ბესტსელერების ავტორი მკითხველა ახალ წიგნს წარუდგენს. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამიანის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან - ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ.
„არავის დაუჯეროთ. თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები,” - ასეთია წიგნი სიყვარულზე და მის მომაჯადოებელ გავლენაზე.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ავტორთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღონ და მისგან ავტოგრაფებიც მიიღონ.
წიგნის წარდგენა 27 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.
R