ავტორი:

"თუ "ტროლი" და "ბოტია" , რა იცით ვისი დასპონსორებულია?" - გია ვოლსკი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე

"თუ "ტროლი" და "ბოტია" , რა იცით ვისი დასპონსორებულია?" - გია ვოლსკი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე

მართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მათ არანაირი ტროლ-ბოტები არ სჭირდებათ.

"რუსული ხელისუფლება უფრო შეიძლება „ნაცმოძრაობას“ ეწოდოს, რომელმაც რუსეთს ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები და ტერიტორიები, ბრძოლის ველზე მიატოვა სამხედროები. რა „ტროლ-ბოტები? ჩვენ არანაირი „ტროლ - ბოტები“ არ გვჭირდება. ჩვენ გვყავს ადამიანები, ზოგი მხარდამჭერია, ზოგი მოწინააღმდეგე და ამას ძალიან ნორმალურად ვუყურებთ.

რაც შეეხება ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ გალაშქრებას, რატომ გგონიათ, რომ ეს არ არის ვიღაცის მიერ გაკეთებული სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ საკითხი დაისვას ისე, რომ ამას მხარს უჭერს „ქართული ოცნება“. ბევრჯერ ყოფილა, გამოდის ადამიანი, იძახის, რომ არანაირ პარტიას არ ეკუთვნის და შემდეგ ვრცელდება, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტია ადამიანი. თუ ფონ კრამონის მიმართ ვინმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რატომ გგონიათ, რომ სიკეთეს მოუტანს ეს ხელისუფლებას, სისულელეა ამის თქმა.

გეკითხებით, ვინ გაავრცელა ვიოლა ფონ კრამონზე, სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულმა რომელმა „ტროლ- ბოტმა“ გაავრცელა, თუ „ტროლია“ და „ბოტია“ თქვენ რა იცით, ვისი დასპონსორებულია, იქნებ თქვენი დასპონსორებულია და შემდეგ გამოდიხართ და შეკითხვებს სვამთ? - გეუბნებით რა არის სიმართლე, მართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა, თუ ეს ასეა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს თავის მოსაზრება ჰქონდეს, არასწორს წერდეს, ან სწორს წერდეს, რატომაა ჩვენს მიერ დასპონსორებული?", - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმ „ფეიკ“ ინფორმაციებს პასუხობს, რომელიც მის შესახებაა გავრცელებული. მან „ტვიტერში“ ამის შესახებ სპეციალური ვიდეოც გაავრცელა.

როგორც ევროპარლამენტარი ვიდეოში ამბობს, მის შესახებ გავრცელებული „ფეიკ“ ინფორმაციისა და ვიდეოს უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები დგანან.