ავტორი:

"გადაღებისას თენგიზ არჩვაძესთან გადახვევის მერიდებოდა" - ლამაზი გოგონა, რომელმაც ბუბა კიკაბიძეს პირველ კინოროლში პარტნიორობა გაუწია: როგორია ლალი მესხის დღევანდელობა?

"გადაღებისას თენგიზ არჩვაძესთან გადახვევის მერიდებოდა" - ლამაზი გოგონა, რომელმაც ბუბა კიკაბიძეს პირველ კინოროლში პარტნიორობა გაუწია: როგორია ლალი მესხის დღევანდელობა?

"ბუბა საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი იყო, მხიარული, უსაზღვრო იუმორი ჰქონდა. თუ სადმე სიცილ-ხარხარი გვესმოდა, ვიცოდით, რომ ბუბა იქ იყო და ყველანი გავრბოდით, მისი მონაყოლი რომ მოგვესმინა" - იხსენებს ლალი მესხი ფილმის "შეხვედრა მთაში" გადაღებას, სადაც ბუბა კიკაბიძე კინოში პირველ როლს განასახიერებდა, ლალი მესხი კი მისი შეყვარებულის როლს თამაშობდა...

  • ლალი მესხმა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს დაამთავრა .. 1965 წელს, პირველი კურსის სტუდენტი დავით რონდელმა მიიწვია ფილმში "პიერი-პოლიციის თანამშრომელი".

პოპულარობა მოუტანა მთავარმა როლმა მუსიკალურ კომედიაში "შეხვედრა მთაში" (ნ. სანიშვილი, 1966), სადაც პარტნიორობა გაუწია ბუბა კიკაბიძეს. მიიღო გერმანიის კ/სტ "დეფას" მიწვევა ორ სათავგადასავლო ფილმში: "თეთრი მგლები" (კ. პედცოლდი, 1969) და "შევარდენის კვალი" (გ. კოლდიცი, 1969). მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "მალე გაზაფხული მოვა"(ო. აბესაძე, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ლია), "გოგონა და ჯარისკაცი"(თ. ფალავანდიშვილი, 1970, ირინე), "იქ, ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "მიზერერე" (ზ. ხალვაში, 1991) და სხვ.

ლალი მესხი:

- ფილმი გამოსვლის დღიდანვე მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა, რაც დიდი დამსახურებაა ფილმის არაჩვეულებრივი სიმღერების, ლეგენდარული მსახიობების, განსაცვიფრებელი ბუნების... მოგეხსენებათ, ფილმი ხევსურეთში, ბარისახოშია გადაღებული... "შეხვედრა მთაში" მეორე ფილმი იყო, სადაც ვმონაწილეობდი. პირველი ფილმი გახლდათ, "პიერი - მილიციის თანამშრომელი", რომელიც დავით რონდელმა გადაიღო... როცა ეკრანზე გამოჩნდები, ნაცნობი ხდები, შემდეგ სხვა რეჟისორებსაც ინტერესი უჩნდებათ...

მახსოვს, ფილმისთვის "შეხვედრა მთაში" პირველი სინჯი თენგიზ არჩვაძესთან იყო და არა ბუბა კიკაბიძესთან. იქ გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან პირველად ვხედავდი და ის სინჯი იყო გადასაღები, მამა რომ კონცერტზე უშვებს და გახარებული გოგონა გადაეხვევა. მე გადახვევის მერიდებოდა, მაგრამ მდგომარეობიდან თავად ბატონმა თენგიზმა გამომიყვანა, რა იყო, მამა, მოდი გადამეხვიეო, გამეხუმრა... ასე დამამტკიცეს ამ როლზე.

"შეხვედრა მთაში"

საბედნიეროდ, ზაფხულის პერიოდი დაემთხვა. იმ პერიოდში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, იქ ყოველ გაცდენილ გაკვეთილზე ძალიან დიდი სიმკაცრე იყო და ვერაფრით წავიდოდი... ფილმის გადასაღებად ხევსურეთი ამოირჩიეს, ფანტასტიკურ ბუნებაში, ყველანი ინტერნატის შენობაში დავბინავდით...ჩვენი ჯგუფი ხომ ძალიან დიდი იყო, ყველას თავის ახლობლები ახლდა, თან ხევსურეთში ზაფხულის არდადეგებზე ბავშვები ისვენებდნენ და იყო დიდი აურზაური. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. ამხელა ჯგუფი ერთი ოჯახივით ვიყავით, იმდენად დიდი სითბო იგრძნობოდა. წარმოიდგინეთ, ორი რეჟისორის ასისტენტი ქალბატონი შემდეგ ჩემი ნათლია გახდა.

ალბათ გადამღებ ჯგუფს, პერსონალს გარკვეული სირთულეების გადალახვა უწევდათ, მაგრამ ახალგაზრდები ძალიან ლაღად, თავისუფლად ვიყავით... გადაღებები თუ არ გვქონდა, სულ ტყე-ღრეში დავბოდიალობდით... სანიშვილი მეუბნებოდა, გეხვეწები, ცოცხალი დაბრუნდი, ფეხი არ მოიტეხო, მჭირდებიო...

ლეილა აბაშიძე და ლალი მესხი

- ბუბა კიკაბიძისთვის ეს პირველი როლი იყო. როგორ გახსენდებათ მასთან შეხვედრა?

- ბუბა საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი იყო, მხიარული, უსაზღვრო იუმორი ჰქონდა. თუ სადმე სიცილ-ხარხარი გვესმოდა, ვიცოდით, რომ ბუბა იქ იყო და ყველანი გავრბოდით, მისი მონაყოლი რომ მოგვესმინა... ალბათ, გახსოვთ სცენა, გოგონას ბაბუა რომ მოსდევს მოსაკლავად და ბუბა ქვევით გარბის. იქ უზარმაზარი ძაღლი იყო ჯაჭვით დაბმული და იმას უნდა გაქცეოდა. მახსოვს გადაღების მომენტში ჩვენც შეგვეშინდა, იმდენად ავი ძაღლი იყო. კი იყო ჯაჭვით დაბმული, მაგრამ ახლოს უნდა გაერბინა და კი მოუცდა ფეხი და წაკოტრიალდა ... მანდ ამბობს, აუ კაცო, რა კარგი გოგოა და გვარში ყველა გადარეული ყავსო... ცხოვრებაში ბუბა ამას პირიქით მეუბნებოდა, რადგან დედა, ძმა იქ იყო, მამაჩემი მაკითხავდა, მათ იცნობდა და ამბობდა, რა კარგი მშობლები გყავს, შენ რა გადარეული ხარო... ძალიან დავმეგობრდით... ფილმის გადაღების პერიოდი მართლაც ზღაპრულად მაგონდება. რაღაც უდარდელი ვიყავით, არაფერი გვეხებოდა. ბუბა კი უფრო დატვირთული იყო, რადგან მაშინ ანსამბლში - "დიელო" მღეროდა, დამატებითი სამუშაო, გასტროლები ჰქონდა... ძირითადად, მაინც იქ იყო, რადგან ბევრი ეპიზოდი ჰქონდა გადასაღები.

- როგორ გახსენდებათ ლეილა აბაშიძე?

- ლეილა აბაშიძე ამ ფილმში ულამაზესია... ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მისი პერსონაჟი სცენის არტისტი, მომღერალია.. მისი ჩაცმულობისთვის სულ გადამყიდველებთან მიდიოდნენ, ერთი ამბავი იყო, მისი კოსტიუმები რომ ეშოვათ. მაშინ ასე ადვილად არ იშოვებოდა და ერთი არაჩვეულებრივი მხატვარი გვყავდა, რომელიც გადასარევადაც კერავდა. მან შემიკერა რამდენიმე კაბა. ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩამაცვეს და ძალიან ვიპრანჭებოდი, მომწონდა ეს ყველაფერი...

ლეილა აბაშიძე სულ იქ არ იყო, ხანადახან ჩამოდიოდა. ყოველი ადამიანის ჩამოსვლა ჩვენთვის ზეიმი იყო. სოფლებში რომ არის, ათასში ერთხელ მანქანა ჩადის და ბავშვები ინტერესით გაეკიდებიან, ყველას ისე დავდევდით... ლეილა აბაშიძე საოცრად თბილი, ძალიან კომუნიკაბელური იყო. ძალიან მეფერებოდა. ერთხელ შვილთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ჯერ პატარა იყო...ქალბატონი ლეილა ჩუმად ჩაჩურჩულებდა ხოლმე, წადი ლალის ყვავილი მოუწყვიტე და მოუტანეო..

- ამ გადაღებების შემდეგ კიდევ გქონდათ წარმატებები კინოს მიმართულებით...

- შემდეგ გერმანელებმა მიმიწვიეს ფილმში გადასაღებად, ინდიელებზე სერიებს იღებდნენ... თბილისში იყვნენ ჩამოსულები, რადგან სერიალების პროდიუსერმა საქართველოში იმოგზაურა და ჩვენი ბუნებით იმდენად მოიხიბლა, გადაწყვიტა ნაწილი საქართველოში გადაეღო... ჩამოსული რომ იყვნენ, "შევარდნის ნაკვალევზე" მთავარი გმირი გოგონას შემსრულებელი არ ყავდათ და გადაწყვიტეს აქ შეერჩიათ. ისე მოხდა, რომ მე შემარჩიეს და ამ როლზე დამამტკიცეს... დაინტერესდნენ, რა ფილმში ვიყავი გადაღებული, ზუსტად მაშინ იყო ახალი გამოსული - „შეხვედრა მთაში“, სანახავად წავედით და გადაირივნენ იმ ბუნებაზე, იმდენად მოეწონათ... ხევსურეთში ულამაზესი ადგილია ერთგან, როშკის ჩანჩქერი, სადაც ფილმში მე საბანაოდ ჩავდივარ და გერმანულ ფილმშიც ის ადგილი გადაიღეს... შემდეგ გერმანიაში გამომიძახეს და იქ ვიყავი გადაღებებზე, გადაღებები იყო იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში... ზაფხულის ფესტივალზეც მიმიწვიეს, სადაც ეს ფილმი გადიოდა და მთელი გერმანიის უამრავი ქალაქი მომატარეს, აი ასეთი სავსე და ბედნიერი, საინტერესო პერიოდი მქონდა, დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ.

"შევარდნის ნაკვალევზე"

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პედაგოგი ვარ, მაკამ თავიდანვე ბავშვობის მეგობრების ჯგუფი შეკრა და სტუდიას დაგვაკავშირა... 1975 წლიდან ბავშვთა სურათების გალერეაში ვმუშაობ და იქ კიდევ უფრო სტაჟიანი თანამშრომელი ვარ. მყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი, ორი შვილთაშვილი... ჩემი უფროსი შვილიშვილი 6 წლის ასაკში სტუდიაში მივიყვანეთ, ძალიან წარმატებული იყო, ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა, ძალიან აქტიური, ჩვენ სპექტაკლებს ძალიან გამოადგა...