ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან მინისტრთა კაბინეტის გაშვება მოითხოვა. აფხაზური მედიის ცნობით, თუ ორი კვირის განმავლობაში ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნას არ შეასრულებს და ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას ხელს არ მოაწერს, სოხუმში პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, მასშტაბური აქციები დაიწყება.
ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ლიდერის, თემურ გულიას მოსაზრებით, მინისტრთა კაბინეტის გადადგომის პარალელურად, ოპოზიცია და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აფხაზეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ითხოვენ.
დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი და მას პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება, რა შემთხვევაშიც ბიჭვინთის აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე უშიშროების სამსახურის მე-9 სამმართველოს განკარგულებაში არსებული სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, რასაც აფხაზური ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
"პრეზიდენტს ვადა მისცეს" - ასე ეხმაურება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემა Нужная Газета მიმდინარე პროცესებს. მისი ცნობით, პროტესტს აფხაზეთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია უერთდება. მათ შორის, არუაა, აპსნი, აამთა, ახაცა და სხვები. ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთგვარი გამოცდაა. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ შეკვეთას არ შეასრულებს, ქალაქში მასშტაბური აქციები უნდა დაიწყოს.
"შესაბამისად, ვნახავთ, რისი პოტენციალი აქვს ოპოზიციურ სპექტრს" - წერს გამოცემა.
აფხაზური სახალხო მოძრაობის ლიდერი ადგურ არძინბა გამოცემა ekhokavkaza.com-თან საუბარში აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ დიალოგის ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, ამიტომაც სხვა სამოქმედო გეგმაზე გადასვლის დროა.
"ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ყველა მოთხოვნას აბსოლუტურად აიგნორებს. მთლიანად დაშორდა ხალხს და თავის სამყაროშია ჩაკეტილი, შესაბამისად, სრულიად არაკომპეტენტურ და ანტისახალხო პოლიტიკას მიჰყვებიან. ასე ვეღარ გაგრძელდება.
აშკარაა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, მოქმედ გუნდს მხოლოდ ერთი ინტერესი ამოძრავებს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, რისთვისაც უკან არაფერზე იხევენ. ორიენტირებული არიან მსხვილი უცხოური კაპიტალის შემოტანაზე, ოლიგარქებზე, რომლებიც თავიანთი ახლობლებისა და ნათესავების მონაწილეობით ბიზნეს-პროექტებს აარსებენ. მათთვის აფხაზი ხალხი მესამეხარისხოვანია... ამიტომაც გადავწყვიტეთ ხალხმრავალი აქციების ჩატარება. თუ ხელმძღვანელობა ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაისის შუა რიცხვებში დავიწყებთ", - აცხადებს ადგურ არძინბა.
მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ ოპოზიცია აქციებით რამეს შეცვლის. მიაჩნიათ, რომ ცუდი გამოცდილება აქვთ, რადგან როდესაც ხაჯიმბას კლანი ბჟანიამ შეცვალა, გამოჩნდნენ ახრა ავიძბასნაირები, რომლებმაც შემდგომ თანამდებობები მოითხოვეს.