ავტორი:

პოლონეთში მსახიობ მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - "არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა"

პოლონეთში მსახიობ მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - "არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა"

ცნობილი პოლონელი მსახიობის, მარჩინ ბოსაკის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. ინცინდენტი ვარშავის ცენტრში მოხდა. ცნობილ მსახიობს თავდამსხმელი თანამზრახველთან ერთად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა.

პარასკევს ბოსაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პოპულარული სატრანსპორტო კომპანიის „უბერის“ ტაქსის მძღოლმა სასტიკად სცემა. ინციდენტში, სავარაუდოდ, მძღოლის რამდენიმე მეგობარი მონაწილეობდა. ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე მსახიობმა მომხმარებლებს აჩვენა დალურჯებული სახე და უამბო, თუ როგორ მოხდა ინციდენტი.

ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მძღოლმა მსახიობის 11 წლის ვაჟს კინაღამ გადაუარა.

"მათ კონტროლი დაკარგული აქვთ, თუ ვინ მართავს მათ მანქანებს და ვინ მუშაობს მათთან“, - განაცხადა მსახიობმა კომპანიის მისამართით.

მან ასევე მოითხოვა რეგულაციების შეცვლა პოპულარული კომპანიების ტაქსით მგზავრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით:

"მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც პოლიციამ დამიდასტურა, რომ ხუთ ან მეტ ადამიანს შეუძლია მართოს ერთი მძღოლის პროფილით მანქანა. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ეს ხალხი. შემთხვევით ხომ არ არიან ეს ადამიანები დამნაშავეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმალებიან. მაგალითად, სხვაგან არიან ნასამართლევი რაღაც დანაშაულისთვის? ჩვენ უნდა შევცვალოთ წესები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, თავი დაცულად ვიგრძნოთ“ - დასძინა მსახიობმა.

მსახიობის ცემაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცია, სახელად რუსლანი გ. პოლონეთის პოლიციამ მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონეთში ძალადობის ბრალდებით ტაქსის ქართველი მძღოლი დააკავეს. კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მაშინ კლიენტზე ძალადობისთვის ასევე საქართველოს მოქალაქეს დააკავეს.